ეროვნული ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„გამუდმებით ხვიჩაზე საუბარი უხერხულია“ - სანიოლის პრესკონფერენცია

28 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ნორვეგიას დაუპირისპირდება, თუმცა იქამდე, 25 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი ევროპული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა, ბოლო ვარჯიში დილით, თბილისში, დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართა, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა.


მომავალი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიას შეხვდა:

,,მონღოლეთი სხვა კონტინენტის ნაკრებს წარმოადგენს და შესაძლოა, მათზე ბევრი ინფორმაცია ცნობილი არ იყოს, თუმცა მეტოქისთვის ვემზადებით, მათ მატჩებს ვუყურეთ და გავაანალიზეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო დროს ნაკრებში მეტი ან შედარებით ნაკლები სათამაშო წუთები მიიღეს, ამიტომ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რათა ისინიც გამოვცადო და ვნახო რა შეუძლიათ.

პირველადაა გამოძახებული გაბრიელ სიგუა, რომელიც თავდაპირველად მორცხვი იყო და ეს ბუნებრივია, რადგან არავის იცნობდა. მე მას ვესაუბრე და ავუხსენი რა კომპონენტები აქვს გასაუმჯობესებელი. ის ერთ-ერთი იქნება, რომელის მარტის სანაკრებო მატჩებში საკუთარ სათამაშო წუთებს მიიღებს.

ასევე გეტყვით, რომ მონღოლეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის კარს გიორგი ლორია დაიცავს, რომელიც კაპიტანიც იქნება.

ხვიჩას შესახებ იყო კითხვა და გეტყვით, რომ მისი პროგრესი სახეზეა, ის არაჩვეულებრივ მწვრთნელთან მუშაობს. ხვიჩას შესახებ მუდმივი საუბარი უხერხულია, ლიდერი ყველა გუნდს სჭირდება, ეს ყველა ნაკრებში ასეა, მაგრამ საბოლოო წარმატებას გუნდი აღწევს და არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ამ ტურნირზე მთლიანი ნაკრები ითამაშებს და არა მხოლოდ ხვიჩა.

მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც მის შესახებ  არასახარბიელო კომენტარები კეთდებოდა. ცხადია, ეს მიდგომა შეცვლილია, ახლა ის საქართველოს გმირია. კვარაცხელია ახალგაზრდა ფეხბურთელია და არ უნდა დავავიწყდეს, რომ მას ყველაფერი ჯერ ისევ წინ აქვს. ხვიჩა ნამდვილად სამაგლითო თანაგუნდელია.

ჩემმა ფეხბურთელემა კარგად იციან, რომ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. მე მათგან დისციპლინასა და პროფესიონალურ მიდგომას ვითხოვ.

ბათუმში შესანიშნავი გარემოა, გვახსოვს შვედეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი და ის გულშემატკივრობა, რომელიც ამ შეხვედრას თან სდევდა. ჩვენს გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ და მათთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა საბა ლობჟანიძეც:

,,მონღოლეთზე, როგორც ნაკრებზე, ბევრი არაფერი ვიცოდით, რადგან სხვა კონტინენტს წარმოადგენენ, თუმცა როგორც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ.

ყველამ  ვიცით ის ტრაგედია, რომელიც რაც მოხდა, ამ ტრაგედიაში მეც მოვხვდი, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, რითაც ფსიქოლოგიურ კუთხეს ვიუმჯობესებ. თამაშისთვის სრულიად მზად ვარ“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (დინამო, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (საბაჰი, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია).

საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 25 მარტს შედგება და 18:00 საათიდან დაიწყება.

მატჩის დღეს, საქართველოსა და მონღოლეთის შეხვედრების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მასპინძელი სტადიონის სალაროებში და ასევე, შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი