გუბანოვას მე-14 ადგილი | კაზაკოვა და რევია ფინალში არიან
იაპონიის ქალაქ საიტამაში, ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტურნირის მე-3 დღეს, ყინულზე მოცეკვავე წყვილების მოკლე პროგრამა და ქალთა თავისუფალი პროგრამა გაიმართა. ევროპის ჩემპიონმა, ანასტასია გუბანოვამ ტურნირი მე-14 ადგილზე დაასრულა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა მიიღო, თავისუფალ პროგრამაში კი - 119.52 ქულა. ანასტასიას ტექნიკურ ელემენტებში 58.63 ქულა დაუწერეს, მისი პრეზენტაცია 61.89 ქულით შეაფასეს, ხოლო წაქცევის გამო, 1 ქულა დააკლეს.
დღესვე, ყინულზე ვიხილეთ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი. ქართულმა დუეტმა ფინალის საგზური მოიპოვა და მოკლე პროგრამაში მე-14 ადგილი დაიკავა. კაზაკოვამ და რევიამ ტექნიკურ ელემენტებში 38.95 ქულა მიიღეს, ხოლო მათი პრეზენტაცია 30.48 ქულით შეფასდა.
ცნობისთვის, ყინულზე მოცეკვავე წყვილთა შორის, მედლები ხვალ გათამაშდება. ასევე, ხვალ გვეცოდინება მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა.