„რატომ ღირს 85 და არა 120 მილიონი?“ - ორლოვმა ხვიჩაზე ისაუბრა
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით ისაუბრა. Transfermarkt-მა ხვიჩას ამჟამინდელ სატრანსფერო თანხად 85 მილიონი ევრო დაასახელა, თუმცა ორლოვი თვლის, რომ ხვიჩა უფრო მეტს იმსახურებს.
ამ თემაზე ორლოვმა რუსულ БИЗНЕС Online-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„ეჭვგარეშეა, ხვიჩა ევროპული ფეხბურთის გმირი გახდა. ლუჩანო სპალეტისთან მუშაობით პროგრესირებს, მაგრამ ხვიჩა რატომ ღირს 85 მილიონი და არა, ვთქვათ, 120 მილიონი? შეხედეთ მათ, ვისი ღირებულებაც 120 მილიონია, ისინი კვარაცხელიაზე უკეთ არ თამაშობენ. ალბათ მაინც შებოჭილები არიან, რადგან ის ქართველია“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.