საფეხბურთო აგენტი: „კვარაცხელია ჯორჯ ბესტზე უკეთესია“
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ოსკარ დამიანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დამიანი „ნაპოლის“ ქართველი შემტევისა და ჯორჯ ბესტის შედარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კვარა“ ჩრდილოეთ ირლანდიელ ლეგენდაზე უკეთესია.
„ჯორჯ ბესტი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავის ეროვნულ გუნდში ისტორია დაწერა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, კვარაცხელიას რაღაც უფრო მეტი აქვს. ალბათ, ქართველი ფიზიკურად უფრო ძლიერია. ბოროტად ვიხუმრებ და იმედს გამოვთქვამ, რომ კვარა მისნაირად არ აზროვნებს“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.
ხვიჩა საქართველოს ნაკრებთან იმყოფება და მომდევნო დღეებში ორი მატჩი ელის. 25 მარტს, „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავენ და ნორვეგიას შეხვდებიან.