ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ბოლო მეტოქემ, მარვინ ვეტორიმ „კავკასიელთან“ გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. იტალიელი მებრძოლი თვლის, რომ სუფთა გამარჯვება მოიპოვა, ეს ყველასთვის აშკარა იყო და ამაზე კამათიც არ შეიძლება.
„მოახდინა თუ არა რომანმა ჩემზე შთაბეჭდილება? კი და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. ვიცოდი, რომ ჩხუბი დგომში წარიმართებოდა, რადგან მას ისეთი ჭიდაობა არ აქვს, რომ პარტერში გადამიყვანოს. ვფიქრობ, თავის სტრაიკინგზე ბევრი იმუშავა და შედარებით მწვავე იყო, ვიდრე ველოდებოდი. რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ საერთო ჯამში, სუფთა გამოსვლა ვაჩვენე.
რა აზრის ვარ, მერაბ დვალიშვილისა და ალჯამეინ სტერლინგის რეაქციაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ დოლიძემ მოიგო? კარგად ვხვდები, მერაბს ეს პოზიცია რატომ ჰქონდა, მაგრამ ალჯო მსახიობი უფროა, ვიდრე მებრძოლი. ახლიდან უყურეთ ჩხუბს და ნახავთ ვინ მოიგო. დოლიძეზე თითქმის 40-ით მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა მქონდა, 40-ით! ეს ძალიან დიდი უპირატესობაა და როგორ შეიძლება, ჩემი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. დოლიძეს კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ ახლიდან უყურეთ ჩხუბს და ყველაფერს მიხვდებით.
რომანის მიერ მოქნეული მუშტების დანახვა მარტივია, მაგრამ მისი დარტყმების უმრავლესობა მიზანს ვერ აღწევდა. თუ უსინათლო ხარ ან ბრძოლამდე მისკენ იხრებოდი, მაშინ იოლია გაჰყვე ნარატივს, რომ წავაგე, მაგრამ თუ ჩხუბს ახლიდან უყურებთ, ნახავთ, რომ მისი დარტყმების უმრავლესობა არაზუსტი გახლდათ. მუშტებს ძლიერად იქნევდა და სულ ეს იყო. მასზე 40-ით მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა მქონდა, ეს კი ყველაფერს ამბობს. სუფთა გამარჯვება მოვიპოვე. დგომში ვაჯობე, თეიქდაუნები და პარტერში კონტროლი არც ერთს გვქონია და სუფთად მოვიგე“.
შეგახსენებთ, რომ ვეტორიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ერთმა არბიტრმა მარვინს სამივე რაუნდი მისცა, დანარჩენმა ორმა - 2-2. მნიშვნელოვან დარტყმებს რაც შეეხება, ვეტორის 106 დარტყმა ჰქონდა, დოლიძეს - 71.