„კვარას თამაშს ყოველთვის ვუყურებ, რადგან ფეხბურთი მიყვარს“ - უმცროსი გალიანი
„მილანის“ ყოფილი სპორტული დირექტორის, ადრიანო გალიანის ვაჟმა ჯანლუკა გალიანიმ რადიო Kiss Kiss Naples-თან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგაზე, მილანი-ნაპოლის ¼ ფინალურ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს უმცროსი გალიანი:
ვფიქრობ, ახლა „მილანს“ ყველაზე კარგი გუნდი ჰყავს, რაც კი შეიძლებოდა ამ დროისთვის ჰქოლოდა. რაც შეეხება „ნაპოლის“, ზაფხულიდანვე ვამბობდი, რომ ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ მოლოდინს სრულად გადააჭარბა. მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანი“ აუთსაიდერი იქნება, რადგან სპალეტის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ვფიქრობ, ევროპაში საუკეთესოც. „როსონერის“ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ „ნაპოლი“ ყველა გუნდს დიდ თავისტკივილს აყენებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მის შესახებ აქამდეც ვიცოდი და ყოველთვის მომწონდა. ჯუნტოლიმ და სპალეტიმ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს და მას საკუთარი თავის გამოჩენის ბევრად მეტი შესაძლებლობა მისცეს. „ნაპოლი“ ფეხბურთელებს ინდივიდუალურად საუკეთესოდ იყენებს, რადგან თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეროვნულ ნაკრებებში ეს ბიჭები ასე კარგად ვერ თამაშობენ, მაგალითად კიმი, რომელიც ნაკრებისგან განსხვავებით, კლუბში ნამდვილი მონსტრია. კვარა თავისი აჩქარებებით, ალბათ, კაკას ჰგავს. ის და ოსიმენი არაჩვეულებრივნი არიან... მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს.
შეგახსენებთ, რომ „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის პირველი მატჩი „სან სიროზე“ 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი დიეგო მარადონას სტადიონზე 18 აპრილს ჩატარდება. თუმცა, მანამდე, გუნდები ერთმანეთს სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან, რომელიც ნეაპოლში 2 აპრილს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.