ბრაის მიტჩელი: „ილიასთან წაგებას წაგებად არ ვთვლი, ძალიან ცუდად ვიყავი“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა „ელ მატადორთან“ გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. მიტჩელმა განაცხადა, რომ ილიასთან მარცხს წაგებად არ თვლის, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
„თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ჩხუბზე თანხმობა არ უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამ. ძალიან გაბრაზებული ვარ და ასეთი გაბრაზება მხოლოდ იმ შემთხვევაში გეუფლება თუ ძალიან მაგრად გცემეს. სერიოზულად ვფიქრობდი თუ არა კარიერის დასრულებაზე ბრძოლის შემდეგ? ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არ მინდოდა, იგივე კიდევ ერთხელ გამომეცადა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და გავაანალიზე, რომ ეს მარცხი საერთოდ არ ითვლება. რეკორდში ერთით მეტი წაგება კი მიწერია, მაგრამ ილიასთან ბრძოლის გახსენებისას, ვხვდები, რომ არც წაგებად ითვლება და არც მოგებად.
ოქტაგონზე არც კი გავსულვარ. ორგანიზმის სათანადო რეჰიდრატაცია ვერ მოვახერხე და გრიპის გამო, წამლებს ვსვამდი. წონის კლების პარალელურად, მედიკამენტებს ვიღებდი, რომლებიც აუცილებელი იყო ჭამისას მიმეღო და ამის გამო, ღებინება მეწყებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ოქტაგონზე ნამდვილი ბრაის მიტჩელი არ გინახავთ და თოფურიასთან წაგებას სწორედ ამიტომ არ ვთვლი. მაღალი დონის მეტოქე მყავდა, მაგრამ იმ საღამოს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მეხუთეკლასელიც მაგრად მცემდა“.
შეგახსენებთ, რომ ილიამ მიტჩელი დააფინიშა და მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბრაისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შევიდა და სურს, მისი მომდევნო მეტოქე ბრაიან ორტეგა ან ჯოშ ემეტი იყოს.