ევრა ფერგისთან მოლაპარაკებებზე: „მეგონა, FBI-ის დაკითხვაზე ვიყავი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა. ფრანგმა უკანახაზელმა „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლამდე, ფერგისთან გამართული დიალოგი გაიხსენა და ის FBI-ის დაკითხვას შეადარა.
„სერ ალექსი ჩემს აგენტს გაესაუბრა და ერთმანეთს პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში შევხვდით. ფერგიუსონმა ფრანგული არ იცოდა და მის სიტყვებს დევიდ გილი თარგმნიდა, ჩემი ინგლისური კი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო და აგენტი მეხმარებოდა.
მახსოვს, ფერგიუსონი ასეთ შეკითხვებს მისვამდა: „სვამ?“ – „არა“. „წვეულებებზე სიარული მოგწონს?“ – „ზოგჯერ“. „მზად ხარ არც ერთი თამაში არ წააგო?“ – „კი“. „მზად ხარ ფრედაც არ ითამაშო?“ – „კი“. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს FBI-ის დაკითხვაზე ვიყავი და როცა ხელი ჩამოვართვი, გავიფიქრე: „მზად ვარ! თუ იმედს გავუცრუებ, მომკლავს“.
მანჩესტერის თამაშების ყურება ერიკ კანტონას გამო დავიწყე და მან ჩემზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა როცა ფერგის შევხვდი, რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი. მივხვდი, რომ თუ მასთან კარგად იმუშავებდი, გაიმარჯვებდი და გუნდისთვის ბევრს გააკეთებდი“.
შეგახსენებთ, რომ ევრა „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2006-დან 2014 წლამდე იცავდა. „მანჩესტერთან“ ერთად, მან პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო თასი, ინგლისის ლიგის თასი და ასოციაციის თასი მოიგო