სამპაოლი გაუშვეს | სევილიას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
„სევილიამ“ ხორხე სამპაოლის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ანდალუსიურმა კლუბმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ სამპაოლისთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
„სევილიამ“ არგენტინელი სპეციალისტის გაშვება „ხეტაფესთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყვიტა. საერთო ჯამში, სამპაოლიმ ანდალუსიელთა თავკაცის პოსტზე 31 შეხვედრა ჩაატარა და 13-ჯერ იმარჯვა, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 12-ჯერ დამარცხდა.
ℹ Jorge Sampaoli has been relieved of his duties as #SevillaFC coach.
— Sevilla FC (@SevillaFC_ENG) March 21, 2023
„სევილიამ“ სამპაოლის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. კლუბი მის შემცვლელს ეძებს და რამდენიმე სპეციალისტის ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის ხოსე ლუის მენდილიბარიცაა. ესპანელი სპეციალისტი „სევილიას“ ჩაბარების მთავარი ფავორიტია და უცხოურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 26 ტურის შემდეგ, „სევილიას“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს, თუმცა გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ანდალუსიელები მომდევნო შეხვედრას პირველ აპრილს გამართავენ და „კადისს“ დაუპირისპირდებიან.