„ჰოლანდი და ოდეგორი ისე ვერ ითამაშებენ, როგორც თავიანთ კლუბებში“ - ნორვეგიის მწვრთნელი
საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩვენი გუნდის მომავალმა მეტოქემ, ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა დღეს მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას ნაკრების ლიდერები, ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორიც იღებდნენ.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტაილე სოლბაკენმა ჟურნალისტებთან გუნდში ჰოლანდისა და ოდეგორის როლზე ისაუბრა.
ნორვეგიელებისთვის, ახლა პრიორიტეტული ესპანეთთან მატჩია, რადგან ჩვენი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას 25 მარტს, სტუმრად ესპანეთთან გამართავს.
რა თქვა სოლბაკენმა:
გულუბრყვილოები ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ ესპანეთთან დომინანტები ვიქნებით. უნდა ვიცოდეთ, რომ მარტინი თავის პოზიციაზე იმდენჯერ ვერ მიიღებს ბურთს, რამდენჯერაც „არსენალში“, ან ერლინგს არ ექნება იმდენი შანსი, რამდენიც „სიტისთან“, „ბაიერნთან“ ან „ლაიპციგთან თამაშისას.
მნიშვნელოვანია გუნდურობა, რადგან ასეთ შემთხვევაში თამაში უფრო მარტივი იქნება. თავად ოდეგორმა და ჰოლანდმაც იციან, რომ „მანჩესტერ სიტიში“ და „არსენალში“ არ არიან.
ორივეს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარტინმა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ერლინგმა კი ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან სლოვენია, სერბეთი და შვედეთი. რასაც ჰოლანდი ნაკრებისთვის აკეთებს, ეს ფასდაუდებელია. 8 თამაშში მან 10 გოლი შეაგდო.
ხშირ შემთხვევაში, მეტოქემ იცის მოედნის რომელ ზონაში იდგება მარტინი, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთა ლიგაზე მან მაინც შეძლო კარგად თამაში. ამჯერადაც ამას ველი... რაც შეეხება ჰოლანდს, ის სასიკვდილოდ ეფექტური უნდა იყოს, რადგან ესპანეთთან ბევრი შანსის მიღების იმედი ვერ ექნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს, ბათუმი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ჩვენი მეტოქე 25 მარტს, ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.