ჯენარო გატუზო, სოფიან ამრაბატი, სანდრო ტონალი
Aa
Aa

„პრემიერ ლიგა NBA-ს დაემსგავსა“ - გატუზოს ვრცელი ინტერვიუ

ჯენარო გატუზომ, რომელმაც ესპანური „ვალენსია“ იანვრის ბოლოს დატოვა, Radio Rai-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. „რინოს“, ცხადია, მისი ყოფილი გუნდების - „მილანისა“ და „ნაპოლის“ ევროპულ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაზე ჰკითხეს, ასევე იტალიის ნაკრებზე, თავის მომავალსა და კიდევ რამდენიმე საკითხზე.

იტალიური ჯახი ლიგის 1/4 ფინალში

„ნაპოლი“ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში წარმოუდგენლად მომხიბვლელ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ევროტურნირებზე განსხვავებული სპეციფიკის მატჩებია. ნორმალურია, რომ „პარტენოპეის“ ახლა გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ისინი ევროპაშიც, სერია A-ს მსგავსად, გაწონასწორებულად და ლაღად თამაშობენ.

„მილანს“ ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება დასჭირდება, რადგან გახსნილი და სივრცეების მოყვარული ფეხბურთის მიმდევარია. ამას ბოლო ორი სეზონის მაგალითზე ვამბობ. პიოლის გუნდი მეტოქეს პირდაპირ ეჯახება, მასზე წნეხს ახდენს და როცა თავად ფიზიკურად კარგად არაა მზად, რა თქმა უნდა, საუკეთესო თვისებებს ვეღარ ავლენს.

ამ ყველაფრის ფონზე, ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ორივე გუნდისგან აქტიურ თამაშს ველოდები და, ვფიქრობ, გახსნილ ფეხბურთს ვიხილავთ“.

იტალიის ნაკრების ნატურალიზებული დებიუტანტი

ახალგაზრდა სპეციალისტს იტალიის ნაკრების ნატურალიზებულ ახალწვეულ მატეო რეტეგის გამოძახების თემაზე ცალკე ჩაეკითხნენ. 23 წლის არგენტინაში დაბადებული თავდამსხმელი რობერტო მანჩინიმ ინგლისთან (23 მარტი) და მალტასთან (26 მარტი) მატჩებისთვის შეარჩია.

“არ მინდა, საკამათო რამ ვთქვა, რადგან ასეთ თემაზე დასკვნებს თავად მწვრთნელი აკეთებს, მაგრამ თვალს ვადევნებ ახალგაზრდულ ლიგებს და იქ ძალიან ცოტა იტალიელს ვხედავ. პრიმავერებში 2-3 ადგილობრივი თამაშობს. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომელზეც მუშაობის დაწყება პრიორიტეტული უნდა იყოს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ბავშვები ქუჩაში ფეხბურთს აღარ თამაშობენ.

ინგლისის ნაკრებს ჩვენი ყოველთვის უნდა ეშინოდეს. მანჩინიმ დიდი სამუშაო გასწია, უბრალოდ, ორი გაფუჭებული პენალტის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავედით. მან „აძურას“ სტილი და მენტალიტეტი მისცა. ჩვენ კარგ ხელში ვართ“.

პრემიერ ლიგა NBA გახდა?

45 წლის იტალიელს „ვალენსიაში“ საუკეთესო სამწვრთნელო პერიოდი არ ჰქონია. 22 მატჩიდან 7 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 10-ჯერ დამარცხდა და „ღამურები“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

„არ ვიცი, რა ვთქვა. გამოცდილებას, რომელიც „ვალენსიაში“ მქონდა, წარმოუდგენელ გაკვეთილს დავარქმევდი. ვიცოდი, რომ ფანებს პრეზიდენტთან და მენეჯმენტთან პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მაინც უცნაურ ამბებს წავაწყდი.

სადაც ვიმუშავებ, მინდა, ნდობას ვგრძნობდე. სერია A ბოლო 2-3 წელში ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა, აქ აღარ თამაშობენ ფეხბურთს, რომელიც მეტოქეზეა მორგებული და კარნახს ელოდება. იტალიური ფეხბურთი აღარაა კატენაჩოს შვილობილი და მისი ფესვებიდან აღმოცენებული. კოვერჩიანოს სამწვრთნელო სკოლა ძალიან განვითარდა, ახალი ხედვები ჩამოყალიბდა და თანამედროვეობას ფეხი მეტად აუწყეს. ევროპული შედეგებიც შემთხვევითი სულაც არაა და იტალიურ კლუბებთან თამაში ადვილი არავისთვისაა.

პრემიერ ლიგასთან შედარება სწორი არაა, რადგან ეს ცალკე სამყაროა. ინგლისის ჩემპიონატს NBA-ს შევადარებდი, ჩვენ კი ვეღარ ვყიდულობთ ძლიერ ფეხბურთელებს, როგორც ამას 20 წლის წინ ვაკეთებდით. ასეა თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

თამაშის სტილით ყველაზე მეტად სოფიან ამრაბატი მგავს. მან მსოფლიო ჩემპიონატისას ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და ნამდვილად გამაოცა. როცა უკვე ძალაგამოცლილი ჩანდა, ახალ ენერგიას სწორედ მაშინ აჩვენებდა. რაც შეეხება ტონალის, ის ჩემი და პირლოს მიქსია. იგი ჩემზე ტექნიკური და მრავალფეროვანია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა