ვეტორი: „დოლიძე ნაწილებად დავშალე“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ბოლო ჩხუბი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ის ექსპერტებისა და ქომაგების დიდმა ნაწილმა მსაჯების გადაწყვეტილებას საკამათო და საეჭვო უწოდა. იტალიელი მებრძოლი მათ პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ დამაჯერებლად მოიგო.
„ხელითა და ფეხით განხორციელებული დარტყმებით დოლიძე ნაწილებად დავშალე. როგორც მებრძოლი, მასზე უკეთესი ვარ და ოქტაგონზე გასვლამდე, ვიცოდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავმარცხდებოდი თუ უხეშ შეცდომებს დავუშვებდი. ვფიქრობ, დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტივი ბრძოლა გამოვიარე.
დოლიძე ღირსეული მეტოქეა და კარგი მომენტები მასაც ჰქონდა. პირველ რაუნდში ძლიერად მომარტყა, მაგრამ ჩემს დასანოკაუტებლად გაცილებით მეტია საჭირო და ეს ყველამ კარგად იცის. შეგიძლია, ზიანი მომაყენო და რაც გინდა, ის გააკეთო, მაგრამ ვერ დამანოკაუტებ. საერთო ჯამში, ბრძოლის მიმდინარეობას ვაკონტროლებდი და უფრო მეტი ზუსტი დარტყმა ჩემს ანგარიშზეა. კომბინაციების გაცვლის ყოველი მცდელობისას, ინიციატორი მე ვიყავი და უმეტეს წილად, ჩემი დარტყმები მიზანს აღწევდა. მიმაჩნია, რომ მოსაგებად საკმარისზე მეტი გავაკეთე“.
შეგახსენებთ, რომ სამი მსაჯიდან ორმა ვეტორის 2-2 რაუნდი მისცა, ხოლო მესამემ ჩათვალა, რომ მარვინმა სამივე რაუნდი მოიგო, რის გამოც, უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა.