საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასის ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.
ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლნენ. ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთის უძლიერესი ნაკრები დიდი უპირატესობით 45:30 დაამარცხეს.
ეტლით მოფარიკავეთა ტურნირი იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართა. პოლონეთის ნაკრების გარდა საქართველოს ნაკრებმა ჩინეთისა და ტაილანდის ეროვნული ნაკრებები დაამარცხა.
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური