მამუკელაშვილის პროდუქტიული მატჩი | 5 ასისტი და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „ატლანტა ჰოუქსი“ საკუთარ კედლებში დაამარცხა - 126:118. მატჩის პირველი ტაიმი ჯორჯიელების იყო და „ატლანტამ“ გახსნითი მეოთხედი 6 ქულით მოიგო, შესვენებაზე კი 22-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მე-3 პერიოდში „სან ანტონიო" თამაშში დაბრუნდა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, ხოლო გადამწყვეტ თორმეტწუთეულში მეტოქეზე 11-ით მეტი ქულა ჩააგდო - 26:15.
მამუკელაშვილმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პროდუქტიული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა თითქმის 19 წუთი ითამაშა და აქტივში 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „მამუმ“ 4 მოხსნა მეტოქის ფარზე გაიფორმა, დაკარგვა არ ჰქონია და 1 ჯარიმა მიიღო.
„სპურსს“ 29-29 ქულით კელდონ ჯონსონმა და დევინ ვესელმა ულიდერეს, ზაკ კოლინსს 19 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, ჯონსმა და ჩემპეინმა კი 11-11 ქულა გააკეთეს. „ატლანტას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა დეჟონტე მიურეის ანგარიშზეა, კლინტ კაპელმა 15 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ტრეი იანგს ცუდი მატჩი ჰქონდა და 9 ქულასა და 6 ასისტს დასჯერდა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 19 მოგება და 52 წაგება აქვს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 22 მარტს, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.