არსენალი, მადრიდის რეალი, მარტინ ოდეგორი
Aa Aa

“სახლი ვიპოვე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“ - მე ოდეგორი ვარ

„“არსენალთან“ ყოველთვის მქონდა რაღაც უცნაური კავშირი. ეს ყველაფერი კონტრაქტზე ხელის მოწერამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. არც კი ვიცი როგორ ავხსნა.. უბრალოდ ამბავს მოგიყვებით..

ზოგადად, ვიდეო თამაშები არ მიყვარს. მხოლოდ FIFA-ს Career Mode-ს ვთამაშობ. იცით? მე ყოველთვის „არსენალს“ ვირჩევდი..

ნორვეგიაში გავიზარდე და პრემიერ ლიგას ყოველთვის ვუყურებდი. „მეთოფეების“ მიმართ დადებითი განწყობა ყოველთვის მქონდა. ტიერი ანრის ვიდეოებს ვუყურებდი. დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ამ გუნდს პლეიმეიკერის გაზრდის გამოცდილება ჰქონდა.. ფაბრეგასი, ოზილი, ნასრი.. მართლაც ჭკვიანი და ტექნიკური მოთამაშეები, რომლებიც რთულ პასებს აკეთებენ და ბურთს იდეალურად აკონტროლებენ. მე მათ ვგავარ..

2015 წელს, ჩემი თავი FIFA-ში გამოჩნდა და იცით რა გავაკეთე? „არსენალის“ გაწვრთნისას ჩემი თავი ვიყიდე. რეიტინგი მხოლოდ 67 მქონდა, მაგრამ დიდი პოტენციალი არსებობდა..

მე და „არსენალი“ - ეს ლამაზ ოცნებას ჰგავდა..

ეს განსაკუთრებული კავშირი ორი წლის წინ რეალობად იქცა. „არსენალთან“ კონტრაქტი გავაფორმე. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ვარჯიშებზე გაღიმებული დავდივარ. FIFA და რეალობა ძალიან განსხვავდება. რეალურ ცხოვრებაში ბევრ გადაწყვეტილებას შენით ვერ მიიღებ..

ადამიანებს სურთ იცოდნენ, თუ როგორი ბავშვობა მქონდა ნორვეგიაში. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ვუპასუხო.. ალბათ ყველაფერი ნორმალურად მქონდა..

ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. შესაძლოა ცოტა გულუბრყვილო..

ასევე ვფიქრობ, ხალხი წარმოიდგენს, რომ მე ყველაფერი უნდა ავირიდო, რასაც ჩემზე მედიაში საუბრობენ და გამოგონილ სამყაროში ვიცხოვრო. ასე არ მოვიქეცი.. ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ჩემზე წერდნენ. ეს ყველაფერი სასიამოვნო იყო, მაგრამ ჩემზე გავლენა არ მოუხდენია.

კარგი ოჯახი მყავს, კარგი მეგობრები და ზოგადად კარგი ცხოვრება მაქვს. ვიყავი ბავშვი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარდა. შეპყრობილი ვიყავი.. ჩემს სახლთან ახლოს სტადიონი იყო და დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი.

ხანდახან, როცა სახლში ვბრუნდები იმ სტადიონზე ვხედავ ბავშვებს, რომლებიც უბრალოდ სხედან, საუბრობენ და სურათებს იღებენ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეუძლიათ ეს. ჩვენ საოცარი ბავშვობა გვქონდა და სულ ტურნირს ვაწყობდით. ერთ-ერთი მათგანი კი ძალიან სერიოზული გამოდგა..

გამიმართლა, რომ მამაჩემი ჰანს ენრიკი ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობდა. ის ჩემი პირველი მწვრთნელი იყო და თუ სტადიონზე ბავშვებთან ერთად არ ვიყავი, ის ცალკე მავარჯიშებდა.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ისტორია იცით.. დაძაბული მამა, რომელიც თავის შვილს ავარჯიშებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო.. მე ვიყავი ის, ვინც მას უბიძგებდა. მან იცოდა ის, რაც სხვა მშობლებმა არ იცოდნენ. ასე რომ, ძალიან მინდოდა მას მთელი თავისი ცოდნა ჩემთვის გადმოეცა.

ის განსაკუთრებით შეპყრობილი იყო ჩემი ცნობიერებისა და სწრაფი ფეხების განვითარებით. ზამთარში, როდესაც გარეთ ძალიან ციოდა და თოვდა, სპორტ დარბაზში მივყავდი და იქ მავარჯიშებდა. საუკეთესო მინდოდა ვყოფილიყავი და ორიენტირებული მხოლოდ ამაზე ვიყავი. ვიცოდი, რომ ნიჭი მქონდა, მაგრამ რაღაცას ბოლომდე მაინც ვერ ვაკეთებდი.

შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა..

13 წლის ასაკში, გუნდ „სტრომსგოდსეტში“ პროფესიონალური დებიუტი მქონდა..

15 წლის ასაკში კი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა..

ყველაფერი სიგიჟეს ჰგავდა..

მახსოვს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბულგარეთთან. სტადიონზე 70-ე წუთზე შევედი. როდესაც ბურთს ვეხებოდი ხალხი ბოლო ხმაზე ყვიროდა. ეს ხმა დღემდე ჩამესმის ყურებში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ნორვეგიაში დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც საფეხბურთო ვარსკვლავი არ გვყოლია. გულშემატკივრებს სურდათ დაჯერება, რომ მე საკულტო ვარსკვლავი გავხდებოდი. ეს უცნაური იყო, რადგან ბოლომდე არავინ იცოდა, თუ რას მივაღწევდი..

ატეხილმა აჟიოტაჟმა კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩემით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა..

იცით? სინჯებზე „ბაიერნში“, „დორტმუნდში“ , „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ლივერპულში“ და „არსენალში“ ვიყავი. მე და მამა თვითმფრინავით ვმოგზაურობდით და თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდით..

რეალურად ძალიან ახლოს ვიყავი „არსენალის“ არჩევასთან. არსენ ვენგერი გავიცანი და მან რესტორანში დაგვპატიჟა. ესეც ძალიან უცნაური იყო. ის არის ლეგენდა, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებდი და ახლა მის წინ ვიჯექი და სტეიკს ვჭამდი. ძალიან ვნერვიულობდი..

რატომ ავირჩიე „რეალი“? ამაზე მამაჩემთან და სხვა ოჯახის წევრებთან ბევრი ვისაუბრე. საბოლოოდ, „რეალი“ მაინც „რეალია“.. ისინი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები იყვნენ და იქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. მაშინ ისკო ძალიან მიყვარდა. ვფიქრობ, ის ჩემი სტილის მოთამაშეა. მთავარი ის იყო, რომ მათ B გუნდი ჰყავდათ და იქ დაუყოვნებლივ შემეძლო თამაში. თან მწვრთნელი ვინ იყო? ზინედინ ზიდანი.. ამით ყველაფერი ნათქვამია..

სანამ „რეალს“ ოფიციალურ პასუხს გავცემდით, მე და მამა სახლში ვისხედით და მათ თამაშს ვუყურებდით. უცებ მან ტელეფონი აიღო ხელში და მითხრა - „დროა“.

ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრეთ, რადგან სხვა ძალიან მაგარი გუნდებიც მეპატიჟებოდნენ, მაგრამ შემდეგ ჩვენ ეს გავაკეთეთ..

შეტყობინება ასეთი იყო: „მარტინმა გადაწყვიტა, რომ თქვენთან გადმოვიდეს, თუ ისევ გსურთ ის.“

მოდით პრეზენტაციის დღეზე ვისაუბროთ..

ამაზე ფიქრი მაგიჟებდა. ხალხი ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მოდით ყველაფერს აგიხსნით..

დილით გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ნორვეგიაში სპეციალურად ჩემთვის თვითმფრინავი ჩამოვიდა. ავდექი, მაგრამ ნახევრად ისევ მეძინა. ბანაობაც ვერ მოვასწარი.. პირველი, რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. ვფიქრობდი, რომ, როდესაც მადრიდში ჩავიდოდი გამოცვლას მოვასწრებდი.

როდესაც მადრიდში ჩავფრინდი მივხვდი, რომ ჯერ სამედიცინო შემოწმებაზე მივდიოდი, ხოლო შემდეგ პირდაპირ პრესკონფერენციაზე. სასტუმროში გაჩერება გეგმაში არ იყო..

უცებ ემილიანო ბუტრაგენიოს გვერდით აღმოვჩნდი, რომელსაც ლამაზი ტანისამოსი ეცვა. იმ წამიდან სამყაროს შეცნობა ახლიდან დავიწყე..

ვიცი, რომ თქვენ იმ დღის სურათები ნანახი გაქვთ..

ზოლიანი ჯემპრი მეცვა. ბანაობაც ვერ მოვასწარი და ხელით თმის გასწორებას ვცდილობდი..

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დღე იყო. ჩემი სურათები მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ვნერვიულობდი, რადგან შეუსაბამოდ მეცვა. ერთადერთი, რაც მსურდა ჯემპრის გამოცვლა იყო..

ნორვეგიაში არსებობს ტრადიცია. როდესაც ოჯახში მოსული სტუმრები მიდიან, ყველაზე უმცროსი დგება და მათ სამადლობელ სიტყვას ეუბნება. ამას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ „რეალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში გავიყინე და ენა დამება.

წარმოგიდგენიათ?

ჩემი კომფორტის ზონიდან ძალიან შორს ვიყავი. ჩემს სახეზე შიშს ვხედავდი..

როდესაც ჩემი ჯერი დადგა, ნორვეგიულად სისულელეების ლაპარაკი დავიწყე: „ეს დიდი სიამოვნებაა, ძალიან ვამაყობ“ და ასე შემდეგ..

ვფიქრობ, იმ პრესკონფერენციამ ხალხს ჩემი თავი გააცნო. დაინახეს როგორი თავმდაბალი და ნორმალური ვიყავი. როდესაც ასეთ ასაკში ამხელა წარმატებას აღწევ, ხალხი ფიქრობს, რომ თავში აგივარდება.. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო!

პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში ვარჯიშზე უნდა წავსულიყავი. ასაკიდან გამომდინარე მართვის მოწმობა არ მქონდა და მამას უნდა წავეყვანე. წარმოიდგინეთ მე რონალდუსთან, რამოსთან, ბეილთან და ბენზემასთან სავარჯიშოდ მივდიოდი.

ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი როგორ მომექცეოდნენ. ესპანური არ ვიცოდი და ეს პრობლემა იყო, მაგრამ კროოსი, მოდრიჩი და რონალდუ ინგლისურად საუბრობდნენ და ჩემზე ძალიან იზრუნეს. რჩევები მომცეს და ძალიან დამეხმარნენ. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ მათ არ აწუხებდათ ის ფაქტი, რომ შესაძლოა 16 წლის ნორვეგიელს რომელიმე ძირითადი შემადგენლობიდან ამოეგდო..

ყოველდღე პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, მაგრამ „კასტილიაში“ ვთამაშობდი. ეს ჭკვიანურ გეგმად მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ „რეალში“ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი.

„კასტილიაში“ თანაგუნდელებს ვერ ვუგებდი, რადგან მათთან ერთად არ ვვარჯიშობდი. მთავარ გუნდში კი უბრალოდ ბიჭი ვიყავი, რომელიც სავარჯიშოდ დადიოდა. მატჩებში მონაწილეობას არ ვიღებდი და თავი ცუდად ვიგრძენი.

თითქოს ჩემში ნაპერწკალი ჩაქრა. ვნერვიულობდი, რომ შეცდომები არ დამეშვა. ჩემს სტილს გადავუხვიე. ჩემი სტილი კი სხვებთან განსხვავების შექმნა იყო. ახლა კარგად მესმის რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მივხვდი, რომ დაუნდობელი უნდა ვყოფილიყავი და მოედანზე ჩემი ნამდვილი შესაძლებლობები უნდა მეჩვენებინა.

ორი წელი გავიდა და პროგრესი საერთოდ არ მქონდა..

პრესისთვის ადვილი სამიზნე ვიყავი. ვინც მიცნობს იცის, რომ სულ ვიღიმი, მაგრამ მგონია, რომ გარედან ჩემი სახე უფრო მღელვარე ჩანს. მათ გაუადვილდათ იმის წერა, თუ როგორ მიჭირდა ადაპტაციის გავლა..

მახსოვს ერთ-ერთი სტატიის სათაური: „ან ახლა დგება ოდეგორისთვის დრო ან დიდი ხნით უნდა დაისვენოს“..

დავისვენო? მე მხოლოდ 18 წლის ვიყავი..

შესაძლოა ესპანელი, რომ ვყოფილიყავი მეტი სათამაშო დრო მქონოდა. ფეხბურთში შუალედი არ არსებობს. ან ძალიან მაგარი ხარ ან დიდი იმედგაცრუება..

მინდა განვმარტო, რომ „რეალში“ გატარებულ დროზე არ ვწუწუნებ. „ბლანკოსში“ გადასვლა ჩემთვის მაინც ძალიან კარგი იყო. ბევრი ვისწავლე იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო მწვერვალზე ასასვლელად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან ვსწავლობდი.. ვისწავლე როგორ ვიყო მკაცრი. გამოწვევების გამკლავება პრობლემას აღარ წარმოადგენდა და ამ ყველაფერმა მაქცია იმად, რაც დღეს ვარ.

ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხებოდი როგორ გავხდე უკეთესი და როგორ შევიცვალო.. წინსვლა მჭირდებოდა, რადგან ჩემი თავის საუკეთესო ვერსია უნდა გავმხდარიყავი!

დავბრუნდეთ იმ პერიოდში, როცა ნორვეგიაში ვიყავი. მაშინ უამრავ კლუბს ვაინტერესებდი, მაგრამ დადგა რეალობა, როდესაც აღარავის ვუნდოდი..

როდესაც „რეალიდან“ „ჰერენვენში“ მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთე. ამით ნიდერლანდურ გუნდს შეურაცხყოფას არ ვაყენებ! ჩემთვის ეს ფანტასტიკური გამოცდილება იყო. რეგულარულად თამაში მჭირდებოდა და „ჰერენვენმა“ ამის საშუალება მომცა. იქ, როგორც პიროვნება გავიზარდე, ხოლო „ვიტესში“, როგორც ფეხბურთელი. იქაურობის დიდი ვალი მაქვს..

„ვიტესში“ გავიცანი ლეონიდ სლუცკი, რომელიც საოცარი ადამიანია. მას ჩემი უსიტყვოდ სჯეროდა და რაღაც სასწაულ ჯადოქრობას არ ითხოვდა. სლუცკიმ ჩემი გადაწყვეტილების მიღების უნარი განავითარა და რთულ პასებს საკმაოდ მარტივად ვაკეთებდი..

ნიდერლანდებში გატარებული პერიოდის შემდეგ ლა ლიგაში დასაბრუნებლად მზად ვიყავი და „რეალ სოსიედადში“ გადავედი. ეს არის საოცარი კლუბი მსოფლიოს ულამაზეს ადგილში. გულშემატკივრები, რომლებიც ასე ახლოს არიან გუნდთან.. გარკვეულწილად ბასკური კულტურა ნორვეგიულს ჰგავს..

ადამიანები გარეგნულად უფრო თავშეკავებულნი არიან, მაგრამ თუ შეგიყვარეს და გულში ჩაგიკრეს იმდენად მზრუნველები ხდებიან, რომ თავს ყველაზე ბედნიერად და დაცულად გრძნობ. ეს მომენტი ძალიან მიყვარდა..

კარგად ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მადრიდიდან 1 წლის შემდეგ დამირეკეს და ვიფიქრე, რომ ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. მე ხომ ამაზე 16 წლიდან ვოცნებობდი..

ზიდანთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა..

სეზონის პირველ ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე, მაგრამ შემდეგ კორონავირუსი დამემართა და ფორმის აღდგენა ვერ შევძელი. მეტი შანსი კი აღარ მიმიღია.. ტელევიზორში „რეალ სოსიედადის“ თამაშებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ იქ მეც შემეძლო ყოფნა..

ამაზე ბევრს ვფიქრობდი..

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ რამე უნდა შეგვეცვალა. მე სათამაშო დრო მჭირდებოდა..

ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „რეალში“ 5 თვის წინ დავბრუნდი და ისევ გადასვლა მსურდა.. და მე გადავწყვიტე..

„რეალისთვის“ მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. მათ 16 წლის ბავშვში დიდი ინვესტიცია ჩადეს. მე არავის ვადანაშაულებ. ჩემს მიმართ ყველას კარგი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ მე ჩემი თავის დამკვიდრება მჭირდებოდა. ნამდვილი სახლი უნდა მეპოვა..

და ეს ჩრდილოეთ ლონდონში ვიპოვე..

მიკელ არტეტას ვესაუბრე და თავისი პროექტის შესახებ ყველაფერი მითხრა. იმ დროს „არსენალი“ კარგ მდგომარეობაში არ იყო. „მეთოფეები“ ცხრილის მე-15 პოზიციაზე იყვნენ. მაგრამ ეს შეხვედრა.. გულწრფელად ვამბობ და ნებისმიერს მოვუწოდებ! როდესაც არტეტასთან ისაუბრებთ ყველაფერს ნუ დაუჯერებთ.

ის სულ სხვა დონეა.. ძნელი ასახსნელია. ის ვნებიანია, მძაფრი და ხანდახან, დიახ, ცოტა გიჟია... მაგრამ როცა ლაპარაკობს, ხვდები, რომ რასაც იტყვის, აუცილებლად მოხდება..

მიკელმა თავისი გეგმა გამაცნო. მითხრა, თუ რის შეცვლას აპირებდა გუნდში. მომიყვა საკას, მარტინელის და სმიტ როუს შესახებ.. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს ის რაღაც განსაკუთრებულს ეძებდა..

„ინსტაგრამზე“ „არსენალის“ გულშემატკივრებისგან უამრავ შეტყობინებას ვიღებდი. მათ ჩემი გუნდში ხილვა სურდათ..

უნდა ვაღიარო, რომ „არსენალს“ საოცარი ქომაგები ჰყავს. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ ამას ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე არ არის. ისინი მაძლევენ რწმენას, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.

2020/2021 წლების სეზონის ბოლოს მერვე ადგილზე ვიყავით, მაგრამ არავის დაუკარგავს იმის რწმენა, რასაც ვაკეთებდით. ჩვენი ყველას სჯეროდა. ეს გეგმის ნაწილი იყო.. გასულ სეზონშიც კი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ იმედი არავის დაუკარგავს. ამ გამოცდილებიდან ბევრი ვისწავლეთ.

ჩვენ ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და დამერწმუნეთ, მაისზე ჯერ არავინ ფიქრობს..

თუ ვინმე დარჩა, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა ამ გუნდის, მკაფიოდ გეტყვით: „არ არსებობს იმის ლიმიტი, რისი მიღწევაც შეგვიძლია.“

ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ და ვგრძნობ აქ დიდხანს დავრჩები..

Boxing Day-ზე ვესტ ჰემთან გამარჯვების შემდეგ, არსენ ვენგერთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რესტორანში მის თვალწინ სტეიკი ვჭამე. ბევრი ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ჩემს კარიერას ყოველთვის აკვირდებოდა. ის გულწრფელი იყო და ხაზი გაუსვა წარუმატებელ მადრიდულ პერიოდს. ვენგერმა ისიც თქვა, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ბედნიერი იყო..

ყოველი მატჩი, რომელიც ჩვენს სტადიონზე ტარდება ჩემთვის დიდი მოვლენაა. მესმის გულშემატკივრების სიმღერა, რომელსაც შინაგანად მეც ვყვები..

თვალებს ვხუჭავ და საკუთარ თავზე ვფიქრობ, როგორც ბავშვი, დრამენის ხელოვნურ მოედანზე.. წარმომედგინა, თუ არა ჩემი ასეთი მომავალი? ვინმეს, რომ ეთქვა ამ ყველაფერს გაივლიო, ამისთვის თავსაც კი გავწირავდი..

ეს ჯოჯოხეთური გრძელი გზა იყო, მაგრამ ახლა ჩემს ოცნებას ვისრულებ..

სახლი ვიპოვე.. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის..“ - მე მარტინ ოდეგორი ვარ

გაზიარება: