რეალი, ბარსელონა
Aa Aa

ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ

ლა ლიგაში „ელ კლასიკოს“ დრო დადგა. „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

მადრიდული გრანდი ლა ლიგაში რბილად, რომ ვთქვათ ვერ ბრწყინავს. გასულ ტურში, ანჩელოტის შეგირდები „ესპანიოლს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 მოიგეს, თუმცა სატურნირო ცხრილში ბარსასთან 9-ქულიანი ჩამორჩენა არ შემცირებულა. შეიძლება ითქვას, რომ „ბლანკოსი“ „ელ კლასიკოს“ კარგ ხასიათზე ხვდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ლივერპული“ ბენზემას გოლით 1:0 დაამარცხა.

„რეალი“ – „ესპანიოლი“

„რეალი“ – „ლივერპული“ 

დანაკლისი:

ამ მხრივ „სამეფო კლუბს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აღარ აქვს. ტრავმა მოიშუშა ფერლან მენდიმ, რომელიც „ლივერპულთან“ მატჩის განაცხადშიც იყო, თუმცა ანჩელოტიმ არ ათამაშა. დაზიანება მხოლოდ დავიდ ალაბას აქვს ,რომელიც კვლავ ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„ჩემი გუნდი ახლა კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაშია. საოცრად მოტივირებულები ვარ და ფეხბურთელების მუშაობით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, დაცვის ხაზი გაუმჯობესდა. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს და რაიმე განსაკუთრებულს ვერ შევთავაზებთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მაქვს, თუ არა შიში? რაღაც ასეთი ყოველთვის მაქვს. მატჩამდე დარჩენილი 2 საათი ჩემთვის ყველაზე უსიამოვნოა.

კარიმ ბენზემა თავს შესანიშნავად გრძნობ. ვინისიუსი პოზიციას არ შეიცვლის. ის კვლავ მარცხენა ფლანგიდან ითამაშებს. „ბარსელონა“ სოლიდური გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში. მათ ძალიან ცოტა გოლი გაუშვეს. ხვალ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ და სხვა არაფერი განიხილება.“

„ბარსელონა“

როგორც უკვე მოგახსენეთ, კატალონიური გრანდი ლა ლიგას ლიდერობს, თუმცა ევრო ასპარეზზე კვლავ არაფერი გამოუვიდა. ჩავის გუნდი ევროპის ლიგას 1/16-ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამოვარდა, თუმცა ლა ლიგის უკანასკნელ ტურებში ბარსამ რთულ მეტოქეებს დამაჯერებლად მოუგო.

უკანასკნელ ტურში, „ბლაუგრანა“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და რაფინიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დანაკლისი

ამ მხრივ კატალონიელებს სერიოზული პრობლემები აქვს. „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას პედრი და უსმან დემბელე ვერ მიიღებენ. მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრია და მათ გარეშე „ბარსელონა“ ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„ვეცდებით იმაზე მეტად გვქონდეს დომინირება, ვიდრე ეს წინა თამაშში გვქონდა. ვფიქრობ, ეს იქნება უაღრესად საინტერესო დაპირისპირება. ელ კლასიკოში პროგნოზს ვერ გააკეთებ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ ფორმაშია. პედრი ტრავმირებული და იმედგაცრუებულია. მას თამაში სურს, მაგრამ გარისკვა არ ღირს. ეს არ არის ფინალი და ჯობს შემდეგ მატჩებში სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს.

ვფიქრობ, პედრის გარეშე დომინირება შეგვიძლია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფავორიტი არ არსებობს. ყველაფერი 50-50-ზეა. შესაძლოა უპირატესობას ის გვაძლევდეს, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან მე სულით „კულე“ ვარ. „რეალი“ ჩვეულებრივზე უფრო შემტევი იქნება. მაყურებლისთვის ეს კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ თასის მატჩისგან განსხვავებით ბურთი უფრო მეტად უნდა გავაკონტროლოთ.“

ბოლო 3 მატჩი

ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირება საკმაოდ განსხვავებული იყო. პირველი წრის შეხვედრა „რეალმა“ დიდი უპირატესობით 3:1 მოიგო. შემდეგი შეხვედრა საუდის არაბეთში, სუპერ თასის ეგიდით გაიმართა, სადაც სცენარი მთლიანად განსხვავებულად წარიმართა და ჩავის შეგირდებმა 3:1 მოიგეს.

უკანასკნელი მატჩი კი კოპა დელ რეიზე გაიმართა, სადაც მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას „რეალი“ ფლობდა, მაგრამ გამარჯვება ბარსამ ანგარიშით 1:0 მოიპოვა.

„რეალი“ – „ბარსელონა“ 3:1

 „რეალი“ - „ბარსელონა“ 1:3

„რეალი“ – „ბარსელონა“ 0:1

ცნობისთვის, მომავალი „ელ კლასიკო“ 19 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

გაზიარება: