„შოკისმომგვრელ თანხას იხდიან“ - პსჟ კვარას შეძენით დაინტერესდა
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპულ ბაზარზე ინტერესი დღითიდღე იზრდება. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ქართველი შემტევის შეძენას რამდენიმე გრანდი ერთდროულად შეეცდება.
დღეს იტალიურმა calcionapoli1926-მა ფრანგულ Le10Sport-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ პსჟ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს და იტალიელებს შოკისმომგვრელ თანხასაც სთავაზობს.
წყაროს თანახმად, პსჟ-ს მფლობელები 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
„ამ თანხის სანაცვლოდ ნაპოლიმ თავისი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე უნდა გაყიდოს. ეს ნამდვილად ეჭვგარეშეა“. - წერს იტალიური გამოცემა.
რამდენიმე კვირის წინ, გავლენიანი იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ზაფხულისთვის ევროპულ გრანდებს ოსიმენისა და კვარაცხელიას სანაცვლოდ 300 მილიონი ევროს გამზადება მოსთხოვა, თუ ვინმეს მათი შეძენის სურვილი ექნება. საუბარია თითო მათგანის სანაცვლოდ 150 მილიონზე.
თუ, პარიზელები 180-ს გადაიხდიან, რთული წარმოსადგენია, რომ „ნაპოლიმ“ ამაზე უარი თქვას. სხვა საკითხია რა სურს ხვიჩას და შედის, თუ არა ლიგა 1-ში თამაში მის გეგმებში.