„ნუ ცდილობთ ჩემს გაღიზიანებას“ - სპალეტი პრესკონფერენციაზე გააბრაზეს
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ ტურინში დაუპირისპირდება. მატჩამდე ლუჩანო სპალეტიმ პრესასთან ისაუბრა.
ჟურნალისტებმა სპალეტის რამდენიმე ისეთი კითხვა დაუსვეს, რამაც იტალიელი სპეციალისტი გააღიზიანა.
„არის თუ არა ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო წელი? დროის გასვლა ყოველთვის ერთსა და იმავე საჭიროებას მაძლევს და ეს არის იმის საჭიროება, რომ წავიდე და გავაკეთო ის, რაც მავსებს.
ტორინო უხერხული მეტოქეა, ვიტყოდი მახრჩობელა. ისინი მაღალი ინტენსივობითა და პრესინგით თამაშობენ. ცდილობენ მაღალი ტემპი შეინარჩუნონ და ფიზიკური ორთაბრძოლები მოიგონ. ჩვენს მეტოქეს უხეში თამაში უყვარს. მე მათ პატივს ვცემ.
რასპადორი? ის ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ნდომბელე? ძლიერი მოთამაშეა, თავიდან კარგად არ ვიცნობდი. ის არის ფეხბურთელი, რომელთან ვარჯიშიც მიყვარს. პიროვნულად ძალიან დადებითი ადამიანია, ფიზიკურად ძლიერია. მას სისწრაფე და ტექნიკაც აქვს. ეს არის მოთამაშე, რომელიც მე მომწონს.
შესაძლოა ვიხილოთ თუ არა ელმასი და სომეონე სასტარტოში? ნუ ცდილობთ ჩემს გაღიზიანებას. მე ყველა ფეხბურთელი მიყვარს. მათ ყოველდღიურად ვეხუტები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სანაკრებო შესვენება გველის. ვისაც ეს პაუზა სჭირდება, ის კარგად გამოჯანმრთელდება. ასევე უნდა ვიფიქროთ იმ მოთამაშეებზეც, მაგალითად როგორიც ელმასია, რომლებიც რამდენიმე თამაშს იმსახურებენ.
რაღაც შეიცვლება, მაგრამ ახლა ამას არ გეტყვით“.
სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და პიოტრ ზელინსკისთან ერთად საინტერესო კონტექსტში ახსენა:
„ზელინსკი? მას კარგი გამძლეობა აქვს, ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. ტექნიკა, გოლები, პიოტრი არაჩვეულებრივად ურტყამს მარჯვენა და მარცხენა ფეხითაც. ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა (ატალანტასთან გოლისას), როდესაც მან დრიბლინგით ყველა მოატყუა. როცა ხვიჩა ჩვენთან ჩამოვიდა, მას კისერში ძარღვი ერ ეტყობოდა. ახლა კი ეტყობა და მე ასე უფრო მომწონს“.
იტალიურ პრესაში ხშირად იწერება, რომ „ნაპოლი" როტაციას ხშირად არ მიმართავს და ამან შესაძლოა გუნდის გადაღლა გამოიწვიოს. პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვასაც ეს ქვეტექსტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი კვირას 18:00 საათზე დაიწყება.