მარადონას თანაგუნდელი: „ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემა არ შეიძლება“
ჯუზეპე ბრუსკოლოტი „ნაპოლის“ ლეგენდაა. იგი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 1972-დან 1988 წლამდე იცავდა და დიეგო მარადონას მხარდამხარ უთამაშია. ბრუსკოლოტიმ „კვარასთვის“ 10-ნომრიანი მაისურის გადაცემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ეს არ უნდა მოხდეს.
„ყველა ადამიანის მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ბევრ ჩვენგანს დიეგო მარადონას თამაში საკუთარი თვალით უნახავს და ვიცით, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში რის გაკეთება შეეძლო. აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, მავნებელი იყოს. ქართველი ფეხბურთელი 22 წლისაა, ახლა იბადება და მოდით, თავი დავანებოთ.
ნაპოლის 10-ნომრიანი მაისური ფეხბურთის ღმერთს ეკუთვნის და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიეგო ჩემი თანაგუნდელი ან მეგობარი იყო. კვარას მის მაისურს უბრალოდ ვერ მივცემთ. ჩემი მაისური რომ დააბრუნონ, სულერთი იქნება, მაგრამ მარადონა სიმბოლო იყო და მასთან ერთად, ფეხბურთის ნაწილიც მოკვდა. კვარაცხელიასთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემა არ შეიძლება, რადგან ამ ქმედებით მას ვეტყვით, რომ ახალი მარადონაა“.
ცნობისთვის, 1978-დან 1984 წლამდე, ბრუსკოლოტი „ნაპოლის“ კაპიტანი იყო. მარადონას „პარტენოპეიში“ გადასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური მან ლეგენდარულ არგენტინელს გადააბარა.