კვარა თუ ლეაუ? - სტეფანო პიოლი ნაპოლისთან დაპირისპირებაზე
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. „როსონერი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და პიოლის „კვარაზე“ და რაფაელ ლეაუზეც ჰკითხეს.
ნაპოლიზე
„ნაპოლი ძალიან რთული მეტოქეა, თუმცა, საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდით და იოლი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა. ჩვენ მილანი ვართ და გვინდა, წინსვლა გავაგრძელოთ. ნაპოლი სერია A-ში უკეთ ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია და მილანი მილანია. ნაპოლისთან დაპირისპირება სტიმულს გვაძლევს, რადგან საუბარი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გვაქვს. პარტენოპეი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვაა და სერია A - სხვა. სპალეტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ვთვლიდი, რომ ის შესანიშნავი სპეციალისტია“.
რომელი უკეთესია? კვარაცხელია თუ ლეაუ?
„რთულია ვთქვათ, რომელი უკეთესია. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ორი ძლიერი გუნდის მონაწილეობით გამართულ კარგ მატჩებს ვიხილავთ“.
გაწუხებთ თუ არა, რომ ნეაპოლში მილანთან შეხვედრა გაუხარდათ?
„მირჩევნია, მატჩების დასრულების შემდეგ ვიზეიმო, ვიდრე მანამდე“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩი „სან სიროზე“ 11 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 18 აპრილს „დიეგო მარადონაზე“.