კასანოს ხვიჩა კაკას ახსენებს - როგორ უპასუხა მას ვიერიმ?
Twitch-ის არხზე, Bobo TV-ზე იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა, ანტონიო კასანომ და კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს და იგი რამდენიმე ფეხბურთელს შეადარეს. ერთ მომენტში, კასანომ განაცხადა, რომ „კვარა“ კაკას ახსენებს, რაზეც ვიერიმ ხუმრობით უპასუხა.
კასანო: „ამაზე ვფიქრობდი და კვარაცხელიას აქვს რაღაც კაკასი“.
ვიერი: „კი, ერთი და იგივე ბრენდის ბუცები აქვთ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კასანომ „კვარაზე“ ისაუბრა და მას მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბი უწოდა. ანტონიოს თქმით, ხვიჩა კინგსლი კომანზე, ჯეკ გრილიშზე და სხვებზე წინ დგას და ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში ადგილს უპრობლემოდ დაიმკვიდრებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 29 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.