გლასნერი: „შეგვიძლია 3 გოლი შევაგდოთ და ნაპოლი გამოვთიშოთ“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „აინტრახტი“ „ნაპოლის“ ესტუმრება. საპასუხო მატჩის წინ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მის გუნდს გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
„პირველ შეხვედრაში ვერ ვიპოვეთ ის უნარი, რომ „ნაპოლის“ წნეხი თავიდან აგვეცილებინა. მე-60 წუთამდე „ნაპოლის“ ბურთის ფლობის დიდი უპირატესობა ჰქონდა. „ნაპოლიმ“ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა. საპასუხო მატჩში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
ჩვენ შეგვიძლია 3 გოლი გავიტანოთ და არც ერთი გავუშვათ. ან შეგვიძლია თამაში პენალტებამდე მივიყვანოთ. ძალიან დიდი ოპტიმიზმის დრო არაა, თუმცა ჩვენს პლუსებზე მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ.
კოლო მუანისა და იესპერ ლინდსტრომის არყოფნაში შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ დაცვასა თუ შეტევაში მინუსების აღმოფხვრა და გამოსწორება შეგვიძლია. ჩვენ გოლების გატანა შეგვიძლია, ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერება აქვთ“.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „აინტრახტმა“ საკუთარ კედლებში 0:2 დათმო. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მალევე ოსიმენმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი პასით ჯოვანი დი ლორენცომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსრია. ცხადია, სტუმრად მოგებული შეხვედრის შემდეგ „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, რასაც ის ფაქტი ემატება, რომ „აინტრახტს“ გუნდის ლიდერი კოლო მუანი ვერ დაეხმარება, რომელმაც „ნაპოლისთან“ პირველ დაპირისპირებაში წითელი ბარათი მიიღო.
„ნაპოლი“ - „აინტრახტის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.