პიკე: „მეტოქეებს ყველაფერში ვჯობდით და მსაჯებზე არ ვიყავით დამოკიდებული“
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ „ბლაუგრანას“ გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კატალონიურ კლუბს მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებენ და ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.
„ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ და ვფიქრობ, ეს მოხსენებები სამწვრთნელო შტაბის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია და ნეგრეირას ან მის შვილს არასდროს შევხვედრილვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ბარსელონას მსაჯები არ მოუსყიდია. ამის გაკეთება თუ გინდა, ვიცე-პრეზიდენტთან არ მიხვალ და სხვა გზებს აირჩევ. ბარსელონა მეტოქეებს ყველანაირად აღემატებოდა და მსაჯებზე დამოკიდებული არ ვყოფილვართ“.
შეგახსენებთ, რომ 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.
La Vanguardia-ს ცნობით, „ბარსას“, როგორც იურიდიულ პირს ჯარიმა ემუქრება და უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითებისა და კლუბის ლიკვიდაციის ალბათობაც არსებობს. ესპანელი ექსპერტების იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივრებს შეუძლიათ, ამ მომენტისთვის მშვიდად იყვნენ. თუ კატალონიელებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ და ექსპერტთა აზრით, უფრო სერიოზული სასჯელის დაკისრების შანსი ძალიან პატარაა.