ნადირობა ქართველ ტალანტებზე - მექვაბიშვილი იტალიური კლუბის რადარზე
„ნადირობა ახალ ქართველ ტალანტებზე: ბოლონია მექვაბიშვილის პროფილს სწავლობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb-ი და წერს, რომ „როსობლუ“ „დინამო თბილისის“ ფეხბურთელითაა დაინტერესებული.
Tuttomercatoweb-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას აფეთქებამ იტალიური კლუბები დაარწმუნა, ქართული ფეხბურთისთვის ყურადღება მიექციათ და ერთ-ერთი, ვინც მათ რადარზე მოექცა ანზორ მექვაბიშვილი გახლავთ. რამდენიმე დღის წინ, მექვაბიშვილი „სასუოლოს“ დაუკავშირეს, მაგრამ Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა.
„ბოლონიას“ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. იტალიური გამოცემის მიხედვით, „როსობლუ“ მექვაბიშვილს თვალს ადევნებს და მის პროფილს აქტიურად სწავლობს. Tuttomercatoweb-ი წერს, რომ მექვაბიშვილი კარგი პიროვნული მახასიათებლებისა და ხარისხის მქონე მოთამაშეა, რომელსაც გუნდის საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილი საყრდენის პოზიციაზე ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მან „ჯვაროსნების“ რიგებში 7 მატჩი ჩაატარა. მას „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.