მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, დენა უაითი
Aa
Aa

„ჩემი და ალჯოს ბრძოლა? გადაგვიხადონ 10 მილიარდი“ - დვალიშვილის პასუხი დენა უაითს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი MMA Hour-თან ინტერვიუს დროს UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ამბობდა, რომ ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო „მანქანას“ პრობლემები შეექმნებოდა.

მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის პრომოუტერები მის და ალჯოს ბრძოლას ითხოვდნენ, თუმცა „მანქანამ“ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ის სტერლინგთან ბრძოლას არ აპირებს.

რას ამბობს დვალიშვილი:

დენას კომენტარი ვნახე. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს თქვა. პირველად მითხრა, როდესაც ჟოზე ალდო დავამარცხე. ჯო როგანმაც მკითხა და ვთხოვე, რომ ეს შეკითხვა აღარ დაესვა. გაბრაზებული ვიყავი, რადგან ბრძოლამდე ყველა მეკითხებოდა, რომ თუ გავიმარჯვებდი, ვიჩხუბებდი თუ არა ალჯოს წინააღმდეგ. მე კი ვამბობდი - „მაცადეთ ბრძოლა, მაცადეთ გამარჯვება, რატომ მეკითხებით ამას ახლა?“ ეს ძალიან მტკენდა გულს. ამ ბრძოლის შემდეგ დავინახე, რომ დენა უაითი ჩემს მწვრთნელს რაღაცას ეუბნებოდა.

ალდოსთან გამარჯვების შემდეგ, პრომოუტერი შონ შელბი მეუბნებოდა, რომ შონ ო’მალისთან ბრძოლის მოცემა არ შეეძლო. ასევე, არ შეეძლო ჩიტო ვერასთან და სანდაგენთან ბრძოლების ორგანიზება, სანამ პიოტრ იანს არ დავამარცხებდი. მესმის ბიზნესის, მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, როდის მომცემდნენ ბრძოლას. შემდეგ კი გამიმართლა, რომ პიოტრ იანი გამოჩნდა და ეს ბრძოლა მომცეს, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ჩემს მეგობართან ტიტულისთვის ვერ ვიჩხუბებ. მესმის ყველაფერი, მაგრამ ალჯამეინ სტერლინგი ჩემი მეგობარი და ძმა არის. ალჯოს ახლა აქვს ბრძოლა ჰენრი სეჰუდოსთან. მეც მალე დავუბრუნდები დარბაზს, რომ მას მომზადებაში დავეხმარო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ის ო’მალის შეხვდება, შემდეგ კი როგოროც ამბობს წონის ცვლილებას აპირებს. მე მხოლოდ ამის შემდეგ ვიბრძოლებ ტიტულისთვის.

პასუხის ბოლოს, მერაბმა ხუმრობითაც თქვა, რომ თუ UFC-ის ხელმძღვანელებს მისი და ალჯოს ბრძოლის ხილვა სურთ, მაშინ მათ 10 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს მერაბ დვალიშვილმა უპრინციპულეს ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და წონის რეიტინგში მე-2 საფეხურზეც აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს