ნეგრეირას საქმე - ვალვერდე და ენრიკე სასამართლოში დაიბარეს
პროკურატურამ „ბარსელონას“ ნეგრეირას საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენა. თუ, კატალონიურ კლუბს ბრალი დაუმტკიცდება, მათ დაქვეითება ან ფულადი ჯარიმა ემუქრებათ. საუბარია მსაჯების შესაძლო მოსყიდვაზე, რაშიც ბრალს კლუბის ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ მარია ბართომეუს, სანდრო როსელს, ყოფილ დირექტორს ოსკარ გრაუსა და ალბერტ სოლერს სდებენ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ ლუის ენრიკეს და ერნესტო ვალვერდეს სასამართლოში მისვლა და ჩვენების მიცემა დაავალა. ორივე მწვრთნელი ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში მოღვაწეობდა.
???? ÚLTIMA HORA | La fiscalía pide que Luis Enrique y Ernesto Valverde declaren como testigos en el ‘caso Negreira’ https://t.co/o2Ap8dY9xM pic.twitter.com/ksMMSAXBq1
— EL PAÍS (@el_pais) March 13, 2023
რა ხდება ბარსას გარშემო
2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.