„ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსოფლიო ფეხბურთის საოცრებას ვხვდებოდი“ - იტალიის ელჩის მოადგილე კვარაზე
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ნიკოლა იორიო სოციალურ ქსელ Instagram-ზე ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
რას წერს ნიკოლა იორიო:
ხვიჩა კვარაცხელიასთან ეს ფოტო 2022 წლის 4 ივსლისს თბილისში, იტალიის საელჩოში გადავიღე. მაშინ ის „ნაპოლის“ საზაფხულო შეკრებაზე წასასვლელად ემზადებოდა. მისმა მშვიდმა და გარკვეულწილად ღრმა პიროვნებამ ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა და დამეუფლა განცდა, რომ განსაკუთრებულ ადამიანს შევხვდი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ საოცრებას შევხვდებოდი. ხვიჩა, ვფიქრობ რასაც აკეთებ, ეს სპორტული სასწაულია. შენ აძლევ სიამაყის გრძნობას არამხოლოდ ქართველ და ნეაპოლელ ფანებს, არამედ ყველას, ვისაც სპორტში მაგიური ძალების სჯერა. ბრავო, ხვიჩა, გააგრძელე სიამოვნება!
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.