Crystalbet ეროვნული ლიგა, დილა, გაგრა, ბათუმის დინამო, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, თელავი, ქობულეთის შუქურა, სამტრედია
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: ბათუმის დინამომ რთული მატჩი მოიგო, ტორპედო სამეულში შევიდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს მე-4 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. დღის პირველი მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ქობულეთის „შუქურა“ „თელავს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდან მირიან ჯიქიას ავტოგოლით იგებდნენ, თუმცა გია ცეცაძის გუნდმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი ილურიძემ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 75-ე წუთზე, იმედა აშორტიამ გაიტანა.

დღის მეორე მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ფორმალურად მასპინძელმა „ტორპედომ“ „გაგრა“ მიიღო და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

ჩხეტიანის ფეხბურთელებმა სწრაფი გოლი გაუშვეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს და პირველი ტაიმის მიწურულს უკვე უპირატესობაც მოიპოვეს. ანგარიში მე-2 წუთზე იდირ ბუტრიფმა გახსნა, ზუსტად 5 წუთში კი ნიჭა კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე კაჭარავამ სტუმართა კარში დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი 48-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დააფიქსირა.

მესამე შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრზე გაიმართა, სადაც „საბურთალომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. ორივე გუნდმა არაერთი მცდელობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა.

დღის დასკვნითი მატჩი კი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და სანახაობრივ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ გია გეგუჩაძის ფეხბურთელები ორჯერ მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.

სტუმრები მე-20 წუთზე გიორგი გვიშიანის შორეული გასროლით დაწინაურდნენ, 24-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის დებიუტში სამტრედიელები კვლავ წინ გავიდნენ, თავი ამჯერად ზვიად ნაჭყებიამ გამოიჩინა, რომელმაც ჩიჩკანის კარი ეფექტური დარტყმით აიღო. ანგარიში 68-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის „დინამო“ წინ გაიყვანა და საბოლოოდ მისი გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.

ხვალ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართება, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები