„მერაბისთვის, ეს კარგად არ დასრულდება“ - დენა უაითი
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლას UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი გამოეხმაურა.
უაითმა თავდაპირველად ბრძოლისადმი აღფრთოვანება გამოხატა, შემდეგ კი დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დვალიშვილის წონის ჩემპიონი მისი უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგია, რის გამოც ქართველი მებრძოლი მასთან ჩხუბზე უარს ამბობს, გამოსავალს კი წონის ცვლილებაში ხედავს. დენა უაითი „მანქანას“ ამ პოზიციას არ უწონებს და ამბობს, რომ ეს მდგომარეობა მერაბისთვის შესაძლოა ცუდად დასრულდეს.
რა თქვა უაითმა:
დაუჯერებელი ბრძოლა იყო. ხშირად, პიოტრ იანი გვთავაზობს ხოლმე ტემპს, მაგრამ ამაღამ ეს მერაბმა შემოგვთავაზა და ბრწყინვალე პეფრომანსი დადო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მერაბს პირველად ჰქონდა საჩემპიონო რაუნდები.
მერაბის პოზიცია ალჯოსთან ჩხუბზე? ეს ჩემთვის სასაცილოცაა. გარკვეული დროის წინ, სავარჯიშო კემპები დიდი არ ყოფილა და მებრძოლებს ფართო არჩევნის შანსიც არ ჰქონიათ, ამის გამო ისინი ხშირად ამბობდენ - „ის ჩემი მეგობარია, ეს ჩემი მეგობარია...“ თქვენ ჩხუბის შემდეგაც შეგიძლიათ მეგობრობა... ეს პოზიცია მერაბისთვის ცუდი იქნება...
თავად უნდა გადაწყვიტოს: შემდეგში მიიღოს საჩემპიონო მატჩი, თუ სურს გადაახტნენ ისეთი მებრძოლები, რომლებიც რეიტინგში მის უკან არიან. მას შეუძლია ჩემპიონის ტიტულზე ბრძოლა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ისეთი გზა სურს, როგორიც თვითონ თქვა, მაშინ მის ისტორიას კარგი დასასრული არ ექნება. მერაბი დიდი ბიჭია და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ახლა ალჯამეინ სტერლინგზეა დამოკიდებული. „მანქანას“ უახლოესი მეგობარი რამდენიმე კვირაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ წონას შეიცვლის და მერაბსაც საჩემპიონო ბრძოლისკენ გზა გაეხსნება.