მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანის ფსიქოლოგია ნულის ტოლი იყო“ - რუსული მედია დვალიშვილი-იანის ბრძოლაზე

დღეს გამთენიისას, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC Fight Night-ზე რუსი პიოტრ იანი აბსოლუტური დომინაციით, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„მანქანამ“ იანი ფაქტობრივად ხუთივე რაუნდში დაჯაბნა და გასაქანიც არ მისცა, შესაბამისად გამარჯვებაც დამსახურებულად მიიღო და დიდი ალბათობით, მომავალი ბრძოლა უკვე საჩემპიონო იქნება.

დღევანდელ ბრძოლას როგორც საერთაშორისო, ისე რუსული მედია გამოეხმაურა და ორთაბრძოლის თავისებური ანალიზი შემოგვთავაზა.

რა წერია SORTS.RU-ზე:

ამჯერად, რთულია მსაჯების მიკერძოებაზე საუბარი, ან რაიმე უიღბლობაზე. საწვრთნელი ბანაკის დეტალები არ ვიცით, მაგრამ დვალიშვილის საბრძოლო გეგმა თავიდანვე ნათელი იყო, იანი კი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

იანს ჭიდაობაში არანაირი გეგმა არ ჰქონია. ვერც პიოტრმა და ვერც მისმა მწვრთნელებმა ვერაფერი მოიფიქრეს როგორ უნდა დაეღწია იანს თავი დვალიშვილის გაუთავებელი პრესინგიდან. ერთადერთი, რაშიც იანი მომზადებული იყო, „თეიქდაუნებისგან“ დაცვაა. დვალიშვილმა მცდელობებიდან მხოლოდ 22% შეასრულა ზუსტად, მაგრამ ამისგან თავის დაცვის გარდა, გეგმაში სხვა არაფერი ყოფილა.

ფსიქოლოგიური მომზადება - 0. იანი 25-წუთიანი ბრძოლის განმავლობაში აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ფსიქოლოგიურად. მისი ტვინი თავიდანვე გადაიტვირთა დვალიშვილის მუდმივი ზეწოლის გამო. შუა ბრძოლაში პიოტრი ფეხებში ჩაეშვა თეიქდაუნის გასაკეთებლად, რაც მოუმზადებლობაზე კიდევ უფრო მეტყველებს. ეს იყო დამღუპველი შეცდომა, რამაც მას დიდი ენერგია გამოაცალა.

მერაბ დვალიშვილის აქამდე 3 რაუნდზე მეტი არ ჰქონდა გამართული და არსებობდა ვარაუდი, რომ 25 წუთს ვერ გაუძლებდა - არ ექნებოდა საკმარისი ფიზიკა და გამძლეობა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. იანი მეოთხე რაუნდში თითქოს გამოფხიზლდა და იდაყვებით რამდენიმე კარგი დარტყმა განახორციელა, სწორ სივრცეებს ეძებდა, მაგრამ დვალიშვილმა მალევე ჩაახშო იანის აფეთქება.

ქართველმა აჩვენა, რომ მკაფიო გეგმას და მისი შესრულებისკენ სწრაფვას ტექნიკის ნებისმიერი ხარვეზის კომპენსირება შეუძლია. ჭიდაობაში და დგომში სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ დასახული გეგმა ბოლომდე შეასრულა. იანს კი გეგმა საერთოდ არ ჰქონია. შედეგად, დვალიშვილმა ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა, იანი კი ბოლო 5 ბრძოლაში მეოთხედ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ახლა ალჯამეინ სტერლინგზეა დამოკიდებული. „მანქანას“ უახლოესი მეგობარი რამდენიმე კვირაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ წონას შეიცვლის და მერაბსაც საჩემპიონო ბრძოლისკენ გზა გაეხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - დვალიშვილი რუსის დამარცხების შემდეგ
„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - დვალიშვილი რუსის დამარცხების შემდეგ