ესპანური პრესა: კვარა მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ საოცარ გოლს და დიდებულ თამაშს ევროპულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გამონაკლისი არც ესპანური პრესა იყო, რომლის წამყვანმა ოთხმა გამოცემამ ხვიჩას შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
Marca
„კვარადონას კიდევ ერთი შოუ, რომელიც ნაპოლის ლიდერობას უმტკიცებს. კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი გუნდს გამარჯვებისკენ გზას უხსნის, რომელიც 18-ქულიან ფორას იბრუნებს.
ანგარიში 0:0-დან არ იძვროდა... სანამ ხვიჩა არ გამოჩნდა. მან ბერგამოელთა დაცვაში არეულობა შექმნა და მატჩში გარდატეხის შესატანად გოლი შექმნა. კიდევ ერთი გამორჩეული გოლი მისი კოლექციისთვის. გამარჯვება მას ეკუთვნის.
რამდენია ახლა მისი ფასი? ის ყოველ დღე მატულობს, ეს ცხადია“.
Mundo Deportivo
„კვარადონა ისევ ბრწყინავს და მადრიდი ჩასაფრებულია.
ნაპოლის ქართველმა თავდამსხმელმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 28 მატჩში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რეალი ქართველ გარემარბს დიდი ხანია თვალს ადევნებს, ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, როცა მისმა აგენტმა აღიარა, რომ ფეხბურთელი მადრიდის რეალის გულშემატკივარია.
როგორც ჩანს, კვარაცხელიას საზღვრები არ აქვს. მან ატალანტას ისე გაუტანა, როგორც ამას მარადონა აკეთებდა. სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს ზედმეტსახელი - კვარადონა. გასაკვირი არ არის, რომ ევროპული გრანდები მას ყურადღებას აქცევენ და განსაკუთრებით სამეფო კლუბი.
რამდენიმე დღის წინ მისმა აგენტმა აღიარა, რომ ის და ხვიჩას მამა ბარსელონას ქომაგები არიან, მაგრამ ხვიჩა რეალის ქომაგია. მისი საბაზრო ფასი ამჟამად 60 მილიონია, მაგრამ თუ ასე თამაშს გააგრძელებს, გაიზრდება“.
Sport
„კვარაცხელია ახალი ევროპული სენსაციაა. მან ატალანტას გუნდის ნახევრის წინააღმდეგ თამაშისას მოახერხა და ანგარიში გახსნა. მისი თამაში მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს.
შეუძლებელია მისი შეხედვისას საუკეთესო მესი არ გაგახსენდეს... რა შესანიშნავი გოლია, ევროპის სეზონის MVP-ისგან!“
AS
„მის დონეზე მსოფლიოში რამდენიმე მოთამაშეა. კვარაცხელიას გოლს შეგიძლია დაუსრულებლად უყურო.
ქართველმა ნაპოლისთან ერთად კიდევ ერთხელ გაიტანა კიდევ ერთი შედევრი შექმნა, უკვე 14 გოლი აქვს და მისი ღირებულება იზრდება. ეს ის გოლია, რომელმაც ნეაპოლელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გააგიჟა“.