ოსტატური შესრულება - ვაჩიბერაძის შესანიშნავი გოლი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ოდესის „ჩერნომორეცისა“ და „მეტალისტი 1925“-ის საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
მე-9 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე ვაჩიბერაძის ბრწყინვალე დარტყმით „მეტალისტი 1925“-მა ანგარიში გაათანაბრა. ბექამ მეკარისაგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ოსტატური შესრულება იყო. გარდა გოლისა, პირველი ტაიმის 42-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე თანაგუნდელთან ბურთი კარგად გაითამაშა, სახიფათო მომენტი გოლით არ დასრულდა, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
27 წლის ბექა ვაჩიბერაძეს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, „შახტარის“ აღზრდილია და დიდ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა. მოგვიანებით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს.
მიმდინარე სეზონის უკრაინის ჩემპიონატში ვაჩიბერაძემ 11 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი აზრით, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, საქართველოში რუსული კანონი რომ მიეღოთ: „საშინელებაა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ადამიანებს აქციის გამართვა დასჭირდათ. დღეს წავიკითხე, რომ ამ კანონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. მოხარული ვარ. ეს კანონი პრო-რუსული ხასიათისაა. საქართველოში ყველა ამ კანონის წინააღმდეგი იყო. ახლა ყველა ბედნიერია, რომ ეს კანონი არ მიიღეს. ამ კანონის გაუქმების შემდეგ სტაბილური ვითარებაა. ცხადია, ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი ევროპასთან დაახლოება იქნება, ევროკავშირში შესვლისთვის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ეს კანონი რომ გასულიყო, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“.