„ფიზიკოსებმა უნდა შეისწავლონ“ - იტალიური მედია ხვიჩას სუპერგოლზე
სერია ა-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ ფანტასტიკური გოლი გაუტანა. მე-60 წუთზე ოსიმენის პასის შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა მეტოქის მცველები ცრუ მოძრაობებით მომენტიდან გამოთიშა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ხვიჩას საოცარ გოლთან დაკავშირებით რამდენიმე გამოხმაურებას გთავაზობთ:
იტალიელი ჟურნალისტი სანდრო პიცინინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: „დიდი ხანია, ასეთი ფენომენალური მოთამაშე არ მინახავს, როგორიც კვარაცხელიაა. ბედნიერებაა მისი თამაშის წაყვანა ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. არ გამოტოვოთ ის!“.
Corrieredellosport-ი ხვიჩაზე: „ფიზიკოსებმა უნდა შეისწავლონ, რადგან ამოუხსნელ რაღაცებს ვხედავთ. მისი ფენომენალურობის ერთ-ერთი საიდუმლო არის ის, რომ ბურთი მუდამ მის ბუცებთანაა, არასდროს ტოვებს, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ რაც სურს, ის გააკეთოს. აჩქარება, მიმართულების შეცვლა, დამუხრუჭება, მაშინ როცა მცველები ვერასდროს პოულობენ ამ სფერულ ობიექტს. მეცნიერებმა უნდა გაგვაფრთხილონ. არა: მოდით ასე დავრჩეთ მაგიურობითა და ინკოგნიტობით".
ფაბრიციო რომანო: „ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა“.
იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი: „საოცრად ფენომენალური მოთამაშე, ის ამ სეზონის სერია ა-ს MVP-ა“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (14) და მბალა ნზოლა (14) უსწრებენ. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.