„მოტივაციას ქალაქი გვაძლევს, რთული მეტოქე გვყავს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „ატალანტასთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„გუნდის მენტალიტეტი დროთა განმავლობაში ყალიბდება. ლაციოსთან მატჩი იყო შეხვედრა, რომელმაც ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია გააძლიერა. ატალანტასთან რთული გამოწვევა გველის და სასურველ ანგარიშს დამსახურება დასჭირდება. ატალანტა შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენი მომდევნო მეტოქე სხვებისგან განსხვავებული და კარგი გუნდია. ატალანტასთან დაპირისპირება მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რათა დავამტკიცოთ, რომ სწორი მიმართულება გვაქვს.
საჭირო არაა, რამეზე რეაგირება მოვახდინოთ. რეაგირების მოხდენა მაშინ გჭირდება, როცა შეცდომას უშვებ. ლაციოსთან შეცდომა არ დაგვიშვია, თუმცა აშკარაა, რომ რაღაცები უკეთ უნდა გავაკეთოთ. ატალანტას ლაციოსგან განსხვავებული სტილი აქვს და უკეთ უნდა ვითამაშოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. გამარჯვების მოპოვება გვინდა და ჩვენი მიზანია, გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მივცეთ. ატალანტა პრესინგს კარგად თამაშობს და ბურთის დაბრუნება შესანიშნავად გამოსდის. ჩვენ უკეთ მოქმედება გვმართებს და ამისთვის ვემზადებით.
არის თუ არა მარტი გადამწყვეტი? უამრავჯერ მითქვამს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს და თითოეულ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებული. ატალანტასთან დაპირისპირებას ისე არ ვუდგებით, თითქოს ეს სხვაზე რთული გამოწვევა იყოს. კონკრეტულად ამ მატჩზე ვართ ფოკუსირებული და ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩემს ფეხბურთელებს ჩემგან მოტივაციის მიღება არ სჭირდებათ. მათ იციან, რამხელა პატივია ამ მაისურის ტარება და ნეაპოლში თამაში. მათი მთავარი მოტივატორი სწორედ ეს ქალაქი, მისი მოსახლეობა და ისტორიაა. საჭიროა, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს, თვალები ვარსკვლავებისკენ მივმართოთ, ფეხები მიწაზე დავტოვოთ და თამაში განვაგრძოთ. ჩვენი სიძლიერე საერთო მიზნის ქონაა!”
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.