ევრა: „მესის რონალდუს სამუშაო ეთიკა რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს 15-ჯერ მოიგებდა“
საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა. ევრამ საინტერესო განცხადება გააკეთა და მისი თქმით, მესის რონალდუს სამუშაო ეთიკა რომ ჰქონოდა, 15 ოქროს ბურთს მოიგებდა.
„მინდა, ავხსნა, ყოველ ჯერზე რონალდუს რატომ ვირჩევ. საქმე ის არაა, რომ რონალდუ ჩემი ძმაა, ყველაფერს ის განაპირობებს, რომ მისი შრომისმოყვარეობით აღფრთოვანებული ვარ. მგონია, რომ ღმერთმა მესის ნიჭი უბოძა, კრიშტიანუს კი ყველაფრისთვის თავდაუზოგავად მუშაობა მოუწია. ნიჭი რონალდუსაც აქვს, მაგრამ მან მიზნის მისაღწევად უამრავი რამ გაიღო.
სიგიჟემდე მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ და ამ მხრივ, რონალდუ საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება. მესმის იმ ხალხის, რომლებიც მესის ირჩევენ, უბრალოდ მე განსხვავებული კრიტერიუმები მაქვს, თუმცა, ამ ორზე საუბრისას არასწორი პასუხი არ არსებობს. მესის რონალდუს სამუშაო ეთიკა რომ ჰქონოდა, ამ წუთისთვის, ოქროს ბურთი 15-ჯერ ექნებოდა მოგებული. შრომისმოყვარე ადამიანები მიყვარს და რონალდუს ამიტომ ვირჩევ“.
შეგახსენებთ, რომ მესის ოქროს ბურთი 7-ჯერ აქვს მოგებული, რონალდუს - 5-ჯერ. „ლა პულგამ“ მეორე ადგილი 5-ჯერ დაისაკუთრა, ერთხელ კი მესამე იყო.