„ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“ - რეალის ქომაგები გუტის ჟესტზე
„რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა პირობა შეასრულა და „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ავტოგრაფით „სამეფო კლუბის“ 14-ნომრიანი მაისური გაუგზავნა. გუტის ქმედების ამსახველი კადრები El Chiringuito-ს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ და „ბლანკოსის“ ქომაგებს მისი ჟესტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.
„აგენტი გუტი რეალისთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე კლუბის მმართველი საბჭო“, - დაწერა სოციალურ ქსელში „რეალის“ ერთმა ქომაგმა.
„აგენტი გუტი ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“, - იხუმრა „ტვიტერის“ მეორე მომხმარებელმა.
„აგენტი გუტი? ეს ძალიან მომწონს“, - დასძინა მესამემ.
„გუტი უფრო მეტ ტრანსფერს დახურავს, ვიდრე ფლორენტინო პერესი“, - აღნიშნა მეოთხემ.
„ამ წუთისთვის, 14 ნომერი თავისუფალია. დამთხვევაა?“, - დაინტერესდა მეხუთე.
იყვნენ ისეთები, რომლებმაც გუტის მოუწოდეს, აქცენტი კილიან მბაპეზე გააკეთოს, რადგან „პარტენოპეის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გამო, კვარაცხელიას გადაბირება სერიოზული პრობლემა იქნება. სხვათა შორის, რამდენიმემ ვიქტორ ოსიმენის ვარიანტიც გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.