მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან შეხვედრამდე დღეს გამთენიას პრესკონფერენცია გამართა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რას ამბობს „მანქანა“:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ ბრძოლა არ არის, ბევრი მიზეზია. ეს პირადულიცაა. ის რუსეთიდანაა, მე კი საქართველოდან. ყველამ ვიცით, რას აკეთებენ რუსები უკრაინაში და რა გააკეთეს საქართველოში. რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის. ვიცი, როგორ უნდა ჩემს ხალხს გამარჯვება. საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მაქვს დიდი მხარდაჭერა უკრაინიდანაც.

პიოტრი დიდი მებრძოლია, ის ყოფილი ჩემპიონია. ყველამ ვიცით, რომ ძლიერი და საშიშია. სუსტი წერტილი თითქმის არ აქვს. კარგი „სტრაიკერია“ და ჭიდაობის დროს თავს კარგად იცავს. კარდიოც კარგი აქვს... მძიმე ბრძოლა მექნება... ვფიქრობ, რომ დიდი მებრძოლია, კარგი ოჯახის ბიჭი, მაგრამ არა თავმდაბალი... დიდი ადამიანი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი მებრძოლია, მთავარია კარგი ადამიანი იყო.

მისი დანოკაუტება მინდა, მაგრამ ის ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელიც ოდესმე მყოლია. მარტივი ბრძოლა არ იქნება, მაგრამ იქნება ტოპ-ბრძოლა. როგორც გითხარით, მიზანი ნოკაუტი იქნება, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოვიგებ, ეს იქნება ნოკაუტი, მტკივნეული, თუ მსაჯების გადაწყვეტილება. მთავარი გამარჯვებაა.

ქართველმა მებრძოლმა პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის დაპირისპირების დროს, რუსი მებრძოლის მიერ გამოყენებული არალეგალური დარტყმაც გაიხსენა, რომლითაც დისკვალიფიკაცია მიიღო და ასევე განაცხადა, რომ რემატჩის დროს მოგებული სანაძლეო ამ დრომდე არ მიუღია.

„ანატოლი მალხინი არის One FC-ის ორმაგი ჩემპიონი. ის პიოტრის კარგი მეგობარია და ამბობდა, რომ იმ ბრძოლას იანი მოიგებდა, მე კი ალჯოს გამარჯვებაზე დავენიძლავე და 50 ათასი დოლარი დავდეთ. ამის შესახებ როგორც მისმა, ისე ჩემმა ქვეყანამაც იცოდა... რა თქმა უნდა ალჯომ მოიგო, ამ ბიჭმა კი ანგარიშის ნომერი მთხოვა, თუმცა ფული ამ დრომდე არ ჩაურიცხავს. ის არაა კარგი კაცი და ადამიანი. იმედია სიტყვას შეასრულებს და გადამიხდის. თუ არა და ტაილანდში წავალ და ვიპოვი“, - ამბობს მერაბი.

„მანქანამ“ იანის განცხადებაზეც ისაუბრა. რამდენიმე კვირის წინ რუსმა მებრძოლმა თქვა, რომ დვალიშვილის გუნდს თუ რომელიმე ღონისძიებაზე იხილავდა, მათ ზიანს მიაყენებდა. ამას დვალიშვილმა ასე უპასუხა:

„ხალხს კარგად უნდა მოეპყრო. არ მაინტერესებს, ხარ თუ არა კარგი მებრძოლი. უბრალოდ, მინდა კარგი ადამიანი ვიყო და სხვებს მაგალითი მივცე. ის თაღლითია. ჩემპიონი იყო და მოქცევის წესები არ იცოდა. მან ჩემი მეგობრის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. როდესაც ჩემპიონი გახდა, თავისი პლატფორმა არ გამოუყენებია. ღირსეულ საქმეებს არ აკეთებდა, როგორიცაა ქველმოქმედება ან რაიმე მოკრძალებული საქმე. არაა კარგი ბიჭი...“, - აცხადებს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: „იანი მერაბზე უკეთესია, მჯერა გაიმარჯვებს“
ცარუკიანი: „იანი მერაბზე უკეთესია, მჯერა გაიმარჯვებს“