ცარუკიანი: „იანი მერაბზე უკეთესია, მჯერა გაიმარჯვებს“
UFC-ის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ის წევრია, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. ცარუკიანმა პროგნოზი გააკეთა და რუსი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.
„ჩემი აზრით, ეს ჩხუბი პიოტრმა უნდა მოიგოს, რადგან მერაბზე უკეთესი უნარები აქვს. საუბარი ეხება, როგორც დარტყმის ტექნიკას, ისე გამძლეობას. დვალიშვილი მხოლოდ კარგი პრესინგითა და ჭიდაობით გამოირჩევა. ვფიქრობ, თუ იანი ჩხუბს სათანადოდ მიუდგება, დვალიშვილის ჭიდაობას დამაჯერებლად გაუმკლავდება და 100 პროცენტით გაიმარჯვებს. მოგების შემთხვევაში, იგი საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდება. UFC-ის პიოტრი ძალიან უყვარს, რადგან ჩხუბის ლამაზი სტილი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.