მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

მერაბმა იცის, ეს ჩხუბი რამდენს ნიშნავს | UFC-ის სტატია ქართველ მანქანაზე

UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მერაბ დვალიშვილისთვის მიძღვნილი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც „მანქანა“ პიოტრ იანთან ჩანიშნულ დაპირისპირებაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

***

„დვალიშვილი მხიარული ადამიანია, ხშირად იღიმის და როცა საუბარი მის დაუნდობელ სტილსა და კარიერის განმავლობაში გაფორმებულ თეიქდაუნებზე გადადის, ადვილად შეატყობთ, რომ აღტაცება ეუფლება.

„ბრძოლებისას ბევრ დარტყმას ვახორციელებ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იანთანაც იგივე მოხდება. ვეცდები, მაქსიმალურად ბევრი დარტყმა მქონდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. ეს MMA-ია და ყველაფრისთვის მზად ვარ. მჯერა, მისი პარტერში გადაყვანა და გატეხვა შემიძლია. ვნახოთ, რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ 63 თეიქდაუნი მაქვს შესრულებული, გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული და არა თეიქდაუნებზე“, - გვეუბნება დვალიშვილი.

არაა გასაკვირი, მერაბმა UFC-ში თავისი თექდაუნების ზუსტი რაოდენობა რომ იცის, რადგან მარტივად შეამჩნევთ, ოქტაგონზე ყოფნისას, საცოდავი მეტოქეების აქეთ-იქით თრევითა და მათი გატეხვით რამხელა სიამოვნებას იღებს. დვალიშვილის მოულოდნელი აღზევების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი დაუნდობელი და გამანადგურებელი ტემპია. როცა მოჭიდავეები და გრეპლერები თეიქდაუნების შემდეგ მეტოქეების პარტერში დატოვებაზე არიან ორიენტირებული, დვალიშვილი მათ წამოდგომის საშუალებას აძლევს, რადგან ამის შემდეგ, მათი პარტერში გადაყვანა კიდევ, და კიდევ, და კიდევ, და კიდევ შეეძლება.

როცა მერაბის მეტოქე ხარ და ამ ყველაფრის შემდეგ, საკუთარი კუთხისკენ მიდიხარ, ფიქრობ: „ეს ბიჭი ალბათ მაგრად დაიღლებოდა“. ამ ფიქრის პარალელურად, მეორე კუთხეში ხედავ მომღიმარ ადამიანს, რომელსაც დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა, მზადაა, ოქტაგონზე დაბრუნდეს და შენი ჰაერში აწევა და დანარცხება განაგრძოს და ეს კიდევ, და კიდევ, და კიდევ, და კიდევ გააკეთოს. მერაბი თეიქდაუნებით გამოირჩევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ არ იღლება და მეტოქეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მას ძალიან სახიფათო მებრძოლად აქცევს. მანქანამ ბოლო ბრძოლა ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა და ერთი თეიქდაუნიც არ ჰქონია, მაგრამ ბრაზილიელი ლეგენდა მაინც გაანეიტრალა. ეს ლამაზი ან სასიამოვნო სანახავი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ეფექტური იყო და ალდოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ დვალიშვილი იმ ადგილზე დაამკვიდრა, რომელსაც ახლა იკავებს.

„საოცარი და ამავდროულად ძალიან რთული ბრძოლა იყო, რადგან მისი დასრულების შემდეგ, მითხრა, რომ ჩემთან გამარჯვება ტიტულისკენ მიმავალი გზის გაგრძელების საშუალება გახლდათ და წაგების გამო, კარიერას ასრულებდა. ამან გული გამიტეხა. მას უდიდეს პატივს ვცემ და რომ დავმარცხებულიყავი, არ გავბრაზდებოდი. გავიმარჯვე და როცა მითხრა, რა არჩევანი გააკეთა, გავნადგურდი. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლა იყო. ყოფილი ჩემპიონი და ისეთი მაღალი დონის მეტოქე დავამარცხე, როგორიც ჟოზე ალდოა. UFC-ში ყველა ბრძოლა რთული და მნიშვნელოვანია, მასთან გამარჯვება კი ორმაგად სასიამოვნო იყო“, - ამბობს დვალიშვილი.

ბრაზილიელ ლეგენდასთან გამართული ბრძოლა თუ ამაღელვებელი გამოცდილება იყო, პიოტრ იანთან ჩანიშნული ჩხუბი მერაბს საჩემპიონო კარებს გაუღებს.

„ეს ჩემთვის დიდი შანსია და ამისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი. ბრძოლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და მზად უნდა ვიყო. ეს ჩხუბი ჩემთვის ყველაფერია. ყოფილ ჩემპიონს ვხვდები, რომელიც შესანიშნავი და სახიფათო მებრძოლია. მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ მასზე მაგარი ვარ და ჩემი ხალხი და გუნდი გავაბედნიერო. ზოგადად, 3 რაუნდის შემდეგ დაღლილი არ ვარ ხოლმე, მაგრამ მგონია, პიოტრთან ყველაფერი შედარებით რთულად იქნება და მე-4 და მე-5 რაუნდებში უფრო ძლიერ იანს ვიხილავთ. მისი და ალჯოს ბრძოლაში იგივე მოხდა. ვიცი, რომ კარგი მებრძოლია და პატივს ვცემ. ვიცი, რომ მარტივი ბრძოლა არ იქნება და მაქსიმალურად უნდა მოვემზადო. ვიცი, რომ მისი დაღლა შემიძლია და მაგრად უნდა ვიჭიდაო. ბრწყინვალე დაპირისპირება გველოდება“, - აცხადებს მერაბი.

თუ მანქანამ მოიგო, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში უნიკალური ვითარება შეიქმნება. ალჯოსა და დვალიშვილს ერთმანეთთან ჩხუბის სურვილი არ აქვთ და მოქმედმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ მზადაა, ქამარი დათმოს, რათა მისმა თანაგუნდელმა ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიიღოს. მერაბი ალჯოს მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ ახლა მხოლოდ იანთან დაპირისპირებაზე ფიქრობს. თუ სხვა ჩხუბებში წაგება მისთვის პრობლემა არ იქნებოდა, პიოტრთან მარცხი მას გაანადგურებს.

„ეს ბრძოლა ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩხუბი. ადრე ვთქვი, რომ ალდოსთან, მორაესთან, სტამანთან ან კესისთან თუ წავაგებდი, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ თუ იანთან დავმარცხდები, სერიოზული პრობლემა იქნება და დეპრესიაში ჩავვარდები“.

მერაბი კი იღიმის და ხუმრობით ამბობს, რომ წაგების შემთხვევაში, ხიდიდან გადახტება, მაგრამ ყველასთვის ნათელია, ეს ბრძოლა მისთვის რამდენს ნიშნავს. ზოგჯერ ჩხუბი უბრალოდ ჩხუბია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გაცილებით მეტია და მერაბ დვალიშვილი სწორედ ამ ვითარებაში იმყოფება“, - წერს UFC-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე