რატის 4 და მაკფადენის 25 ქულა - მურსია დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის ესპანური მურსია, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი იცავენ. მურსია იმ ჯგუფშია, რომელშიც 4-დან 4 გამარჯვება და გასვლის გარანტია უკვე მოპოვებული აქვს გიორგი შერმადინის ტენერიფეს.
მურსიელებმა გასულ ტურში დიდი ომი გადაიტანეს სტამბოლში, დარუშაფაკასთან. შეხვედრის ბერი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც ოვერტაიმში. მეორე დამატებითი 5-წუთეული მასპინძლებმა 12:11 მოიგეს და გამარჯვებაც დარუშაფაკას დარჩა – 105:104.
მურსიას ეს შეხვედრა რომ მოეგო, ტენერიფესთან ერთად თითქმის გაინაღდებდა პლეი ოფის საგზურს, თუმცა, როგორც ხედავთ, დრამატულ, ოროვერტაიმიან ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ქულით დამარცხდა. მურსიელთაგან საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და 4 პასი მოაგროვა. თადმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 სამიანი ჩააგდო.
11 წუთი ითამაშა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგაზრდა ქართველმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 4 ქულა დ 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
მომდევნო მატჩს მურსიელები 14 მარტს, სტუმრად, ტენერიფესთან ჩაატარებენ.