„ჭკვიანი კალათბურთელია“ - ორლანდოს თავკაცი და ერთ-ერთი ლიდერი გოგაზე
გოგა ბითაძემ ახალი გუნდის, „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოულ ენტონიმ ბითაძის ასპარეზობა შეაფასეს.
„გოგა სოლიდური კალათბურთელია. მას ბლოკების დაყენება და შემდეგ, მეტოქის სამწამიანში ჩასვლა კარგად გამოსდის. ბითაძე პარკეტზე შესანიშნავად გადაადგილდება და მოწინააღმდეგის დაცვის გაწელვით თანაგუნდელებს ხელსაყრელ პოზიციებში ტოვებს“, - განაცხადა „ორლანდოს“ თავკაცმა.
„გოგას საკალათბურთო უნარები ნამდვილად აქვს და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ჩვენთან ცოტა ხანია იმყოფება და ჭკვიანი კალათბურთელია. სულ სპორტდარბაზში ვხედავ, თავდაუზოგავად შრომობს და შანსების მისაღებად მზადაა. ერთ-ერთი დღეს მიიღო და გოგა კარგი კალათბურთელია“, - აღნიშნა „მეჯიქის“ გამთამაშებელმა, კოულ ენტონი.
ცნობისთვის, „მეჯიქი“ 39-ედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „ორლანდოს“ პლეი ინის ზონამდე 4 მოგება აშორებს და პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზია“, რომელსაც 10 მარტს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.