გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ახალი გუნდის, „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ცენტრი „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოირჩა, რომელიც მისმა გუნდმა 123:134 წააგო.
გოგამ პარკეტზე 20 წუთი და 16 წამი გაატარა და აქტივში 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ბითაძემ 9-დან 6 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი გააცუდა, 5 მოხსნა კი მეტოქის ფარზე ჰქონდა. გოგას პასივში 3 პერსონალური ფოლია.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო კოულ ენტონი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, პაოლო ბანკერომ კი მატჩი 20 ქულით დაასრულა. „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპო არ ჰყავდა და გუნდს ბრუკ ლოპესმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა გააკეთა. კრის მიდლტონსა და ჯევონ კარტერს 24-24 ქულა ჰქონდათ, ხოლო ბობი პორტისის ანგარიშზე 16 ქულა და 11 მოხსნაა.
ცნობისთვის, „მეჯიქი“ 39-ედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „ორლანდოს“ პლეი ინის ზონამდე 4 მოგება აშორებს და პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზია“, რომელსაც 10 მარტს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.