ტოტენჰემი, მილანი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

ტოტენჰემი VS მილანი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში „ტოტენჰემი“ „მილანს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ტოტენჰემი“

„დეზები“ პრემიერ ლიგაში არასტაბილურად გამოიყურებიან და მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ტოტენჰემი“ „ვულვზს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, კონტეს გუნდს სატურნირო ცხრილში 45 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

დანაკლისი:

ტრავმების გამო ანტონიო კონტეს ბენტანკური, დაიერი, ლორისი და ბისუმა არ ეყოლება.

რა თქვა კონტემ მატჩის წინ?

„ასეთი ტიპის თამაშებით ვცოცხლობთ და ზეწოლა ახალი არ არის. როდესაც შენზე ზეწოლა მოდის ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მაღალი დონის ხარ. ასე კი ჩვენი დონეც იწევს. არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვთამაშობდით. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ვართ.

ჯგუფში გავიმარჯვეთ და ახლა „მილანის“ დამარცხების კარგი შანსი გვაქვს. პრიორიტეტი მეოთხედფინალში გასვლაა. თუ მკითხავთ მინდა, თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება გიპასუხებთ, რომ დიახ, მაგრამ შემდეგ რეალობაში ვბრუნდებით. ამ წარმატებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ.

„მილანი“ უდიდესი ისტორიების და ტრადიციების მქონე გუნდია, რომელსაც პატივს ვცემ. „ტოტენჰემს“ „როსონერი“ ამ სტადიაზე ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს. ვფიქრობ, გამოცდილი გუნდი მყავს, რომელიც ახლა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მინდორზე დიდებულ ბრძოლას ველოდები.“

„მილანი“

არც „როსონერის“ უდგას კარგი პერიოდი სერია ა-ში. „მილანი“ მსგავსად „ტოტენჰემისა“ ოთხეულისთვის იბრძვის. უკანასკნელ ტურში კი სტუმრად „ფიორენტინასთან“ 1:2 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, პიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში 47 ქულით მეხუთე ადგილზეა.

დანაკლისი:

ტრავმების გამო სტეფანო პიოლის ბენასერი, ფლორენცი და კალაბრია არ ეყოლება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„ხვალინდელი მატჩის ბედს კონკრეტული ფეხბურთელები გადაწყვეტენ და ეს მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ. „ტოტენჰემი“ შეტევაში საშიში გუნდია. ისინი პირველივე წუთიდან ინტენსიურად ითამაშებენ. თამაშის გასაკონტროლებლად მზად უნდა ვიყოთ. მცირე უპირატესობა გვაქვს. ასე რომ, გოლების გატანა და მეტოქის გაოცება დაგვჭირდება.

„ტოტენჰემი“ საკუთარ სტადიონზე უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე მილანში. კონტე ბურთის ფლობაზე გააკეთებს აქცენტს და ამაში ხელი მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ. ემოციები დიდ როლს ითამაშებს. ფეხბურთელებს მოტივაციის მიცემა არ სჭირდებათ. თითოეულ მათგანს ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმის.“

წინა მატჩი

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და „მილანმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

გაზიარება: