ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„პარი სენ ჟერმენი“
პარიზული გრანდი განმეორებით მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება. გალტიეს გუნდმა ლიგა 1-ის ბოლო 3 შეხვედრა მოიგო და ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. უკანასკნელ ტურში კი პსჟ-მ „ნანტი“ 4:2 დაამარცხა. თავი გამოიჩინა კილიან მბაპემ, რომელიც ამ გოლით ფრანგული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.(201 გოლი). 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ედისონ კავანის რეკორდი მოხსნა.
დანაკლისი
ამ მხრივ პარიზელებს სერიოზული პრობლემა აქვთ. „ლილთან“ მატჩის დროს, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება. რეაბილიტაციის პროცესი კი 3-4 თვე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ნეიმარის გარდა, „რეკორდმაისტერთან“ კიმპემბე არ იქნება.
რა თქვა გალტიემ მატჩის წინ?
„მოვისმინე და წავიკითხე განსხვავებული აზრები ნეიმართან დაკავშირებით. ბედნიერი არ ვარ, ის მძიმედაა დაშავებული. მენდეთ, გუნდისთვის დანაკლისია. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც ამ სეზონში 17 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასი შეასრულა.
ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის აჩვენებს პროფესიონალიზმს. მას მუნდიალის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ისევ ვიტყვი: 17 გოლი და 11 საგოლე პასი.
საპასუხო მატჩში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეტოქე უფრო დიდი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ და თუ შესაძლებელი იქნება, სწრაფი გოლი გავიტანოთ“.
„ბაიერნი“
მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში დიდი ბრძოლა აქვს. ნაგელსმანის გუნდი პირველ ადგილს თანაბარი ქულებით „დორტმუნდთან“ იყოფს. უკანასკნელ ტურში კი „რეკორდმაისტერი“ შტუტგარტს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
დანაკლისი:
სასიხარულოა, რომ სადიო მანემ ტრავმა მოიშუშა და ოპტიმალურ ფორმაშია. სხვადასხვა ტრავმების გამო პსჟ-სთან ნოიერი, ლუკას ერნანდესი და ბენჟამინ პავარი ვერ ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაზრაუის თამაშიც.
რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის წინ?
„პირველ რიგში სწრაფი გოლი უნდა ავირიდოთ. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვის ხაზს. ლეო მესის სახიფათო პასების გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ. „პარი სენ ჟერმენს“ მკაფიო იდენტობა და გეგმა აქვს. მათ უამრავი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. თუ მატჩს არასწორად მივუდგებით, აუცილებლად დავისჯებით.
ჩვენს მეტოქეს ერთი გოლი სჭირდება და ყველაფერი ახლიდან დაიწყება. ველოდები, რომ მატჩის პირველივე წუთებიდან დიდ ზეწოლას განახორციელებენ. ისინი ლიგა 1-ში ხშირად თამაშობენ სიღრმიდან და კონტრ-შეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან. მათი თამაში ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იმყოფება კარგ ფორმაში.
პირველ შეხვედრაში კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და ამან მათ საქმე გაურთულა. როდესაც ის მოედანზე გამოჩნდა ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, მიუნხენში გაცილებით ინტენსიური და შემტევი ფეხბურთი იქნება, ვიდრე პარიზში.“
წინა მატჩი
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზში გაიმართა და მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო. ერთადერთი გოლი კომანმა გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.