„შეუძლებელია ისევ არ გამოვარჩიოთ“ - მიქაუტაძე ტურის საუკეთესოებში
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა. ფრანგულმა გამოცემამ, Orange.fr-მ 26-ე ტურის ტოპ 3 მოთამაშე დაასახელა და ერთ-ერთი მიქაუტაძე გახლავთ, რომელმაც „ანესთან" დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 3:0 იმარჯვა.
„როგორც არ უნდა გვინდოდეს, შეუძლებელია, ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესოთა შორის ზედიზედ მეორედ არ დავასახელოთ. ანესთან გაფორმებული საუცხოო დუბლის ავტორი საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს დაუბრუნდა და მეცი მეორე ადგილთან მიაახლოვა“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „ანესისა“ და „მეცის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. გამოკითხვა ფრანგულმა გამოცემამ, republicain-lorrain-მა ჩაატარა და ქართველმა თავდამსხმელმა ხმების 84 პროცენტი მიიღო. ახალგაზრდა შემტევი „მეცის“ გულშემატკივრების გვერდმაც შეაქო და მას „მეფე გიორგი“ უწოდა.
ცნობისთვის, ლიგა 2-ში მიქაუტაძეს 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მის გუნდს კი 44 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.