რა მოხდა გასახდელში | ნაპოლის ლიდერების ქმედებები და ხვიჩას სიტყვა
სერია A-ს 25-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო - 0:1. ცნობილი იტალიური გამოცემის, Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, „არწივებთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „პარტენოპეის“ გასახდელში განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი.
Gazzetta-ს ინფორმაციით, პირველი სიტყვით ლუჩანო სპალეტი გამოვიდა და თავისი შეგირდები გაამხნევა. იტალიელი სპეციალისტის შემდეგ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ედო დე ლაურენტისის ჯერი დადგა, შემდეგ კი ფეხბურთელებს გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მიმართა. დი ლორენცოს სიტყვებს ვიქტორ ოსიმენის მონოლოგი მოჰყვა. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა „ნაპოლის“ მთავარ სიძლიერეს, რომელიც მსუბუქად თამაში და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება გახლავთ.
„როცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიქტორ ოსიმენი თავის მოვალეობას ასრულებდა, საგარეო საქმეთა მინისტრს, ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი სიტყვა დასჭირდა, რათა თანაგუნდელები და გარემო დაემუხტა: რწმენა და რწმენა! რწმენა, რომელიც ნაპოლის ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს და ეს ატალანტასთან გასამართ მატჩშივე აჩვენოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „პარტენოპეი“ სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავს.