„მანჩესტერში ცირკი დაბრუნდა“ - როი კინი ლივერპულთან ფიასკოს შემდეგ
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, „ენფილდზე“ „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა. მოსისხლე მტრების მორიგი შეხვედრა იურგენ კლოპის ბიჭების ტრიუმფით დასრულდა. „ლივერმა“ მეტოქე გაანადგურა და 7:0 მოუგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ ლეგენდამ, როი კინმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და „მანჩესტერის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა: „იმდენი გოლი გავიდა, ყველას ვერ ვიხსენებ. იუნაიტედი ბავშვურად თამაშობდა და მატჩის ყურებისას ვფიქრობდით, რომ საშინელი ფინიში გვექნებოდა.
გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები და სხვადასხვა ნაკრების წარმომადგენლები გვყავს, მაგრამ სკოლის მოსწავლეებივით გამოვიყურებოდით. არის მომენტები, როცა ფეხბურთელებს ცუდი დღე აქვთ, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება! ბრუნო ფერნანდეშის სხეულის ენა სამარცხვინოა. ნიჭიერი ბიჭია, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლავთ, მაგრამ მისი სხეულის ენა... ხელებს შლის და უკან არ ჩადის. მისი ქმედებებით კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნები.
გასულ კვირას, მანჩესტერმა ტიტული მოიგო და ბევრი ზეიმი იყო. გუნდს ამაში ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ ვესტ ჰემთან მატჩში დავინახე, რომ ქალაქში ცირკი დაბრუნებულა. ლივერპულთან შეხვედრაში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც მეორე ტაიმის დაწყებამდე, მოედანზე სიცილით გამოდიოდნენ. ისინი 0:1-ს აგებდნენ და ენფილდის მომსახურე პერსონალთან იცინოდნენ და ხუმრობდნენ. ამ ნაგვის დანახვა არ მომწონს. ბიჭებს ყურადღება უნდა მივაქციოთ და თავის დაკარგვა არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 7-ბურთიანი სხვაობით პირველად დამარცხდა, „ლივერპულმა“ კი გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პირველად შეძლო „წითელი ეშმაკების“ კარში 7 ბურთის გატანა.