ბოლ ბოლმა აუგდო და ჩატენა - ბითაძის 4 ქულა პორტლენდთან
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ კედლებში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ფლორიდელებმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და დემიენ ლილარდის გუნდთან 119:122 დამარცხდნენ.
ქართველ კალათბურთელს მცირე სათამაშო დრო მიეცა. გოგამ პარკეტზე 6 წუთი და 12 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 4 ქულა და 2 მოხსნაა. ბითაძემ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ლამაზი ალეი უპი შემოგვთავაზა.
მატჩის გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 113:113, რასაც ნასირ ლითლის უმნიშვნელოვანესი 3-ქულიანი მოჰყვა და „პორტლენდი“ წინ გაიჭრა. დარჩენილ დროში ტაქტიკური ომი ვიხილეთ, რომელიც „ბლეიზერსმა“ მოიგო და პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
„პორტლენდის“ რიგებში ყველაზე მეტი, 41 ქულა ლილარდის ანგარიშზეა, რომელმაც 9 მოხსნა და 6 ასისტიც მიითვალა. ჯერემი გრანტმა 20 ქულა ჩააგდო, კემ რედიშმა - 16. „ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა - 26 ქულა, 5 მოხსნა. ფრანც ვაგნერს 24 ქულა ჰქონდა, მარკელ ფულტცსა და ჯეილენს საგსს - 15-15.
ამრიგად, „ორლანდოს“ 27 მოგება და 38 წაგება აქვს და პლეი ინის ზონას 3 გამარჯვებით ჩამორჩება. „მეჯიქის“ მომდევნო გაჩერება აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, „მილუოკი ბაქსია“, რომელთანაც 8 მარტს ითამაშებს.