„შესაძლოა, სერია A-ში მალე ახალი კვარაცხელია ვიხილოთ“ - CALCIOMERCATO მიქაუტაძეზე
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ყიდვით რამდენიმე იტალიური გუნდი სერიოზულადაა დაინტერესებული.
გავლენიანი გამოცემა, CalcioMercato-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით „უდინეზე“ ინტერესდება და კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან „მეცთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად. სააგენტო მიქაუტაძეს ახალ კვარაცხელიად მოიხსენიებს და მას იტალიის ჩემპიონატში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
რა წერია სტატიაში:
2000 წელს დაბადებული „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე იტალიაში მალე ჩავა. მან სერია A-ს ყურადღება უკვე მიიპყრო და მისი გადაბირებით „უდინეზეა“ დაინტერესებული. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც ქართველით ინტერესდება. მიქაუტაძე სერია B-ს „ჯენოასაც“ მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 2-ში 24 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.