რომელუ ლუკაკუ
Aa Aa

“ვერც ვბანაობდი და დედა პურს სესხულობდა“ - მე რომელუ ლუკაკუ ვარ

„ზუსტად მახსოვს ის მომენტი, როდესაც ნათლად გავიაზრე, რომ გავტყდით.. მე ჯერ კიდევ შემიძლია გავიხსენო დედაჩემის სახე, როდესაც მაცივართან იდგა..

6 წლის ვიყავი და სკოლაში დავდიოდი. ერთ დღეს, დიდი შესვენების დროს სახლში ლანჩზე დავბრუნდი. დედაჩემი ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელს გვაჭმევდა. პური და რძე!! როცა ბავშვი ხარ ამაზე არ ფიქრობ. ეს არის ის, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა..

როდესაც სახლში მივედი, სამზარეულოში შევედი და დედა მაცივართან რძის ყუთით ხელში იდგა. ამჯერად რაღაც სხვანაირად იყო. ის ჭიქაში რაღაცას ურევდა და თან კანკალებდა გესმით? ვერ გავიგე რა ხდებოდა.. შემდეგ სუფრა გაშალა და ისე იღიმოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე..

დედამ რძეში წყალი გაურია.. საკმარისი ფული არ გვქონდა, რომ ყოველდღე რძე გვეყიდა.. გატეხილები ვიყავით, არა მხოლოდ ღარიბი, არამედ გატეხილი..

მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კარიერას ასრულებდა და ფულიც ნელ-ნელა მთლიანად გაქრა.. პირველი, რაც გაქრა საკაბელო ტელევიზია იყო. არ იყო ფეხბურთი, აღარ იყო დღის მატჩი, არანაირი სიგნალი..

სულ მალე ელექტროენერგიაც გაითიშა. 2-3 კვირა სიბნელეში ვიყავით. ვერც ვბანაობდი, რადგან ცხელი წყალი არ გვქონდა. დედაჩემი წყალს გაზზე აცხელებდა და თბილი წყლით საკუთარი ხელებით მბანდა.

იყო შემთხვევები, როცა დედაჩემს საცხობიდან პურის სესხება უწევდა. მცხობელი მე და ჩემს პატარა ძმას კარგად გვიცნობდა და დედას უფლებას აძლევდა პური ორშაბათს წაეღო და ფული პარასკევს გადაეხადა..

ვიცოდი, რომ ძალიან გვიჭირდა, მაგრამ, როდესაც მან რძეში წყალი გაურია მივხვდი, რომ დასრულდა.. იცით რას ვგულისხმობ? ეს იყო ჩვენი ცხოვრება..

ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს. არ მინდოდა, რომ მას ენერვიულა. მე უბრალოდ უხმოდ ვჭამე, რაც მომცა. იცით? ღმერთს გეფიცებით იმ დღეს საკუთარ თავს პირობა მივეცი.. თითქოს ვიღაცამ შემანჯღრია და გამომაფხიზლა. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და რას ვაპირებდი..

ვეღარ შევეგუებოდი დედაჩემის ასეთ ცხოვრებას, უბრალოდ არ შემეძლო..

ფეხბურთში ადამიანებს გონებრივ სიძლიერეზე უყვართ საუბარი. ისე მე ყველაზე ძლიერი ბიჭი ვარ ვისაც ოდესმე შეიძლება შეხვდე. იცით რატომ? კარგად მახსოვს, როგორ ვიჯექით მე, დედაჩემი და ჩემი ძმა სიბნელეში და ვლოცულობდით. ვფიქრობდი, მჯეროდა, ვიცოდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

მოტივირებული ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს კიდევ უფრო გავძლიერდი. სახლში დავბრუნდი და დედა ტიროდა. მივედი და ვუთხარი: „დედა, ეს აუცილებლად შეიცვლება. ამას ნახავ! მე ვაპირებ, რომ „ანდერლეხტში“ ვითამაშო. ეს მალე მოხდება და არაფერზე ნერვიულობა აღარ მოგიწევს.“

6 წლის ვიყავი..

მამას ვკითხე: „რა ასაკში შემიძლია დავიწყო პროფესიონალური ფეხბურთის თამაში“?

მამა: „16 წლის“.

მე: „კარგი, ეგრე იყოს“.

ნება მომეცით რაღაც გითხრათ. ყველა თამაში, რომელიც მე მითამაშია იყო ფინალი! ეზოში, პარკში, სკოლაში.. ყველა მატჩი ფინალი იყო! ვიზრდებოდი და მაქსიმალურად ბევრს ვსწავლობდი!!

როდესაც სიმაღლეში ზრდა დავიწყე ცოტა სტრესი მივიღე. არასდროს დამავიწყდება ერთი ადამიანის უხეში კითხვა: „რამდენი წლის ხარ? რომელ წელს დაიბადე“?

როდესაც 11 წლის ვიყავი „ლირსის“ ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. ერთ დღეს, მოედანზე გასვლის წინ მკაფიოდ მახსოვს ერთ-ერთი ბავშვის მშობლის სიტყვები: „რამდენი წლის არის ეს ბავშვი? სად არის მისი პირადობის მოწმობა? საერთოდ საიდან არის“?

ვიფიქრე, საიდან ვარ? ანტვერპენში დავიბადე მე ბელგიელი ვარ!

მამა იქ არ იყო, რადგან მანქანა არ ჰყავდა და გასვლით თამაშებზე ვერ მოდიოდა. სულ მარტო ვიყავი და ჩემი თავი მე უნდა დამეცვა. პირადობის მოწმობა ამოვიღე და ყველა მშობელს ვაჩვენე. ვგრძნობდი, რომ სისხლმა თავში ამასხა. ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, რომ მათ შვილებს სტადიონზე უბრალოდ არ დავინდობდი!!

მინდოდა ბელგიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი მიზანი! კარგი და დიდებული არა, საუკეთესო!! ბევრი რამის გამო ძალიან გაბრაზებული ვთამაშობდი. ჩვენს ბინაში ვირთხები დარბოდნენ.. ჩემპიონთა ლიგის ყურება არ შემეძლო, ბავშვების მშობლები უცნაურად მიყურებდნენ..

მისიაზე ვიყავი.

როდესაც 12 წლის ვიყავი, 34 მატჩში 76 გოლი გავიტანე!!

ყველა გოლი მამაჩემის ბუცებით გავიტანე, რადგან ფეხის ზომა ერთნაირი გვქონდა..

ერთ დღეს ბაბუას, დედაჩემის მამას დავურეკე. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მას ვუთხარი, რომ 76 გოლი გავიტანე, ჩემპიონატი მოვიგეთ და ჩემით დიდი გუნდები ინტერესდებოდნენ..

მას ყოველთვის სურდა ჩემი საფეხბურთო შედეგების გაგება, მაგრამ იმ მომენტში ცოტა სხვანაირი იყო. მან მკითხა შემეძლო, თუ არა მისთვის მცირე სიკეთის გაკეთება.

რა თქმა უნდა დავთანხმდი..

ბაბუა: „შეგიძლია ჩემს შვილს მიხედო? გთხოვ..“

მახსოვს ძალიან დავიბენი და ვკითხე: „რაზე, რას გულისხმობ ბაბუა“?

ბაბუა: „უბრალოდ დამპირდი, რომ მასზე იზრუნებ და მიხედავ“.

დავპირდი..

5 დღის შემდეგ ის გარდაიცვალა და მხოლოდ მაშინ მივხვდი რას გულისხმობდა..

ეს ამბავი ძალიან მაწუხებს. ვისურვებდი, რომ მას კიდევ 4 წელი მაინც ეცოცხლა, რათა ჩემი თამაში ენახა „ანდერლეხტის“ შემადგენლობაში..

დედას დავპირდი, რომ 16 წლის ასაკში ბევრ რამეს მივაღწევდი..

2009 წლის 24 მაისი..

პლეი-ოფის ფინალი „სტანდარტის“ წინააღმდეგ..

ეს იყო ყველაზე გიჟური დღე ჩემს ცხოვრებაში.. ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ.. „ანდერლეხტის“ 19-წლამდე გუნდში თამაში მიჭირდა, რადგან მწვრთნელი ხშირად სათადარიგოთა სკამზე მსვამდა. რთული იყო იმის ახსნა, რომ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება მსურდა და სკამზე არ უნდა ვმჯდარიყავი..

ამიტომ მწვრთნელთან ფსონი დავდე..

მას ვუთხარი: „შემიძლია გარანტია მოგცეთ. თუ ხშირად მათამაშებთ დეკემბერში 25 გოლი მექნება გატანილი“.

მან დამცინა.. მართლა დამცინა..

მე ვუთხარი: „თუ არ გჯერათ, ფსონი დავდოთ“.

მწვრთნელი: „კარგი, მაგრამ თუ 25 გოლს ვერ გაიტან სათადარიგოთა სკამზე გადაჯდები“.

მე: „თუ გავიმარჯვებ თქვენ იმ ავტობუსს, რომლითაც ფეხბურთელები სახლში დადიან მთლიანად გაასუფთავებთ“.

შევთანხმდით..

კიდევ ერთი მოთხოვნა წავუყენე: „თუ გავიმარჯვებ ყოველდღე ბლინებს მოგვიტანთ“.

ამაზეც დამთანხმდა..

ეს ალბათ ყველაზე სულელური ფსონი იყო, რომელიც მან ოდესმე დადო..

ნოემბერში უკვე 25 გოლი მქონდა გატანილი.. შობის წინ კი ყველა ბლინებს ვჭამდით..

ეს იყო გაკვეთილი! არასდროს ითამაშო ისეთ ბიჭთან, რომელსაც ძალიან შია..

„ანდერლეხტთან“ პროფესიონალური კონტრაქტი ჩემს დაბადების დღეზე 13 მაისს გავაფორმე. პირველი ხელფასით საფეხბურთო სიმულატორი FIFA და საკაბელო ტელევიზია ვიყიდე. სეზონი სრულდებოდა და სახლში გაციებული ვიწექი. იმ წელს ბელგიაში საოცარი სეზონი იყო. „ანდერლეხტმა“ და „სტანდარტმა“ ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით დაასრულეს და პლეი-ოფის დანიშვნა გახდა საჭირო.

პირველ მატჩს, როგორც გულშემატკივარმა სახლში ისე ვუყურე..

საპასუხო მატჩის წინ, სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა დამირეკა..

მე „გამარჯობა“

მწვრთნელი: „გამარჯობა რომელუ, რას აკეთებ?“

მე: „პარკში ფეხბურთის თამაშს ვაპირებ“

მწვრთნელი: „არა, არა, არა, არა!! ჩაალაგე შენი ბარგი ახლავე!“

მე: „რა? რა უნდა გავაკეთო“?

მწვრთნელი: „ახლავე სტადიონზე უნდა მოხვიდე, პირველ გუნდს სჭირდები“.

იმ წამსვე მამაჩემის ოთახში შევვარდი და ვუთხარი: „აწიე ტრაკი ახლავე! ჩვენ უნდა წავიდეთ“!

არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა გასახდელში შევედი და პირველი კითხვა დამისვეს: „კარგი პატარავ, რა ნომერი გინდა“?

მოურიდებლად ვუპასუხე: „10“.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ რაიმესი შემშინებოდა..

რეალურად, აკადემიის ფეხბურთელებს 30-ს ზემოთ უნდა აერჩიათ ნომერი..

მე ვუთხარი: „კარგი სამს მივუმატოთ ექვსი უდრის ცხრას. ეს მაგარი რიცხვია, მომეცით 36 ნომერი.“

იმ ღამეს სასტუმროში უფროსმა ფეხბურთელებმა თავიანთი სიმღერა მიმღერეს. არც კი მახსოვს რა ვჭამე. საოცრად ბედნიერი ვიყავი..

შემდეგ დილას, ჩემმა მეგობარმა სახლის კარზე დააკაკუნა და დედას ჰკითხა მინდოდა, თუ არა ფეხბურთის თამაში. დედამ უპასუხა, რომ სათამაშოდ უკვე წასული ვიყავი.

მეგობარი: „სათამაშოდ? კი, მაგრამ სად?“

დედა: „ფინალში“!

სტადიონზე ავტობუსით მივედით. ჩემს გარდა ყველას ერთნაირი ტანისამოსი ეცვა. ავტობუსიდან გადმოსვლისას ჟურნალისტების მიკროფონები და კამერები პირდაპირ ჩემკენ იყო მომართული. გასახდელამდე კი 300 მეტრი იყო გასავლელი. როცა გასახდელში შევედი ტელეფონი აფეთქდა. ტელევიზორში ვიყავი და აბსოლუტურად ყველამ მნახა. 3 წუთში 25 შეტყობინება მივიღე.

„ძმაო ამ მატჩში ითამაშებ?“

„რომელუ რა ხდება? რატომ ხარ ტელევიზორში?“

ერთადერთი ვისაც ვუპასუხე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო: „არ ვიცი რა ხდება ან რა მოხდება. არ ვიცი ვითამაშებ, თუ არა. უბრალოდ დაჯექი და ტელევიზორს უყურე.“

63-ე წუთზე მწვრთნელმა მოედანზე შემიშვა..

16 წლის და 11 დღის ასაკში „ანდერლეხტის“ პირველ გუნდში ვითამაშე და თან ფინალში!!

იმ დღეს ფინალი წავაგეთ, მაგრამ მე უკვე სამოთხეში ვიყავი. ბაბუას და დედას დანაპირები შევუსრულე. ეს იყო მომენტი, როდესაც ვიცოდი, რომ ყველა კარგად ვიქნებოდით.

შემდეგ სეზონში ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და პარალელურად ევროპის ლიგაზე ვთამაშობდი. სკოლაში დიდი ჩანთის წაღება მიწევდა, რათა შუადღეზე მატჩზე სხვა ქალაქში გასაფრენად მზად ვყოფილიყავი.

ველოდი, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მაგრამ ასე სწრაფად არა. ცოტა მეშინოდა, რადგან მედია დიდ ყურადღებას მაქცევდა. გაურკვეველი მიზეზების გამო ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კარგად ვერ ვთამაშობდი..

როდესაც ყველაფერი კარგად წავიდა და ასაკიც მომემატა, გაზეთებში ბელგიელ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მეძახდნენ..

როცა რაღაცას ვერ ვაკეთებდი კონგოელი წარმოშობის ბელგიელ თავდამსხმელს მეძახდნენ..

მოგწონთ, თუ არა მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ანტვერპენში და ბრიუსელში.. „ანდერლეხტში“ თამაშზე ვოცნებობდი. ასევე ვოცნებობდი, რომ ვინსენ კომპანი ვყოფილიყავი.

მე ბელგიელი ვარ..

ჩვენ ყველა ბელგიელები ვართ..

სწორედ ეს ხდის ამ ქვეყანას საოცარს..

არ ვიცი, რატომ უნდა ჩემს ქვეყანაში ზოგიერთს ჩემი წარუმატებლობის დანახვა.. როდესაც „ჩელსიში“ გადავედი და არ ვთამაშობდი დამცინოდნენ.. როცა „ვესტ ბრომვიჩში“ გამანათხოვრეს და ვერ ვთამაშობდი ისევ დამცინოდნენ..

მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ხალხი მაშინ ჩემთან არ იყო, როცა დედაჩემი რძეში წყალს ურევდა. მაშინ არაფერი მქონდა.. ასე რომ, ნამდვილად ვერ გამიგებს ის ხალხი მე..

იცით მკაფიოდ რა მახსოვს? ბავშვობის წლები და ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ ამის ყურების საშუალება არ გვქონდა. სკოლაში მივდიოდი და ყველა ბავშვი ამაზე საუბრობდა. მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა.. მახსოვს, როცა ზიდანმა ლევერკუზენის „ბაიერს“ გაუტანა ყველას მის საოცარ გოლზე საუბრობდა..

თავი ისე უნდა მომეჩვენებინა, რომ თითქოს მეც ნანახი მქონდა..

ორი კვირის შემდეგ, ჩვენ კომპიუტერის გაკვეთილზე ვიყავით და კლასელმა ზიდანის გოლი ინტერნეტის საშუალებით გადმოწერა. პირველად სწორედ მაშინ ვნახე ზიზუს შედევრი..

იმ ზაფხულს კლასელის სახლში მივედი, რათა ფენომენი რონალდოს თამაში მენახა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მაშინ არცერთი მატჩი არ მქონდა ნანახი და მხოლოდ მოყოლით ვიცოდი რა ხდებოდა მუნდიალზე..

ხო.. ისიც მახსოვს, რომ 2002 წელს დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი..

იმ დღიდან, 12 წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობდი..

იცით? მე კიდევ ვითამაშე მუნდიალზე. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა სტრესისთვის და დრამისთვის.. ხალხს შეუძლია, რაც უნდა ის თქვას ჩემზე და ჩემს გუნდზე..

მომისმინეთ!! როცა ბავშვი ვიყავი იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ ტიერი ანრის მატჩები მენახა. მისგან კი ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე ლეგენდასთან ერთად ვიდექი!! ის მიხსნიდა, თუ როგორ უნდა გავფრენილიყავი კოსმოსში.. ანრი შეიძლება იყოს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩემზე ხშირად უყურებს საფეხბურთო მატჩებს.. ფეხბურთზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით.. გერმანიის მეორე დივიზიონზეც კი..

მე: „ტიერი, უყურე „ფორტუნა დიუსელდორფის“ მატჩს?"

ანრი: „ნუ იქნები სულელი, რა თქმა უნდა, ვუყურე..“

ეს არის ყველაზე მაგარი რამ მსოფლიოში ჩემთვის..

უბრალოდ ძალიან მინდა, რომ ბაბუა ამის მომსწრე იყოს..

მე არ ვსაუბრობ პრემიერ ლიგაზე..

არც „მანჩესტერ იუნაიტედზე“..

არც ჩემპიონთა ლიგაზე..

არც მსოფლიო ჩემპიონატზე..

ამ ყველაფერს არ ვგულისხმობ.. ვისურვებდი, რომ ის ჩემს გარშემო იყოს და ცხოვრობდეს იმ ცხოვრებით, რაც ახლა გვაქვს.. ძალიან მინდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი მასთან..

მაგალითად: „ხედავ ბაბუა? პირობა შევასრულე. შენი შვილი კარგად არის. აღარ ცხოვრობს ვირთხებიან ბინაში.. აღარც იატაკზე გვძინავს.. არც სტრესი გვაქვს.. ბაბუა, ჩვენ ახლა კარგად ვართ..“!

ჩემს პირადობის მოწმობას არავინ აღარ შეამოწმებს! მათ ჩემი სახელი იციან!“ - მე რომელუ ლუკაკუ ვარ

გაზიარება: